დღეიდან ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლები „გამარჯვებული საქართველოს" ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესებს დააკვირდებიან. სხდომა დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში 10:00 საათზეა ჩანიშნული. სასამართლო 20 ივნისის ეპიზოდზე იმსჯელებს. სპეციალურად დღევანდელი სხდომისთვის თბილისში საერთაშორისო ფედერაციის თავმჯდომარე ჩამოვიდა. სასამართლო სხდომების დასრულების შემდეგ ცენტრი შუალედურ ანგარიშს გამოქვეყნებს. სხდომას დააკვირდება და საქმეს შეისწავლის ადამიანის უფლებების ცენტრის საქართველოს ოფისის წარმომადგენლობაც.
როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ადვოკატი გიორგი კაკუბავა აცხადებს, არასამტავრობო ორგანიზაცია ამ ეტაპზე 11 სასამართლო სხდომას აკვირდება.
„ადამიანის უფლებათა ცენტრმა 1 თებერვლიდან დაიწყო პროექტი, რომლის ფარგლებშიც აკვირდება, სავარაუდოდ, პოლიტიკურად მოტივირებულ ბრალდებულ პირთა სასამართლო სხდომებს. ამ ეტაპზე აკვირდება 11 სასამართლო სხდომას, მათ შორისაა ირაკლი ოქრუაშვილის საქმე, რომელსაც ასევე დააკვირდება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლები“, - განაცხადა კაკუბავამ.
შეგახსნებეთ, რომ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს ირაკლი ოქრუაშვილს, ის 20 -21 ივნისის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის საფუძველზე დააკავეს. ეს მუხლები ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას გულისხმობს.
