„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძემ გადაცემა „სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში“ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატ ნინო ქადაგიძეზე ისაუბრა.
მშვენიერაძემ პარლამენტში მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ქადაგიძე ერთ-ერთია იმ მოსამართლეებიდან, რომლებმაც ყველაზე მარტივ სამართლებრივ კითხვებსაც ვერ უპასუხეს.
„მე მახსოვს გასაუბრების პროცესი საკომიტეტო მოსმენა და სიმართლე გითხრათ, რამდენიმე მოსამართლეზე, რომელიც ყოფილი ან მოქმედი მოსამართლე იყო, არ მქონდა მოლოდინი რომ ისინი მარტივ სამართლებრივ კითხვებს ვერ გასცემდნენ სწორ პასუხს და მათ შორის სამწუხაროდ, ქალბატონი ნინოც ასეთი აღმოჩნდა. პირველი კურსის სტუდენტებისთვის დამახასიათებელ კითხვებზეც კი, მაგალითად აბსოლუტურ უფლებაზე მან თქვა, რომ ეს არის სიცოცხლის უფლება, რაც მცდარია. მაგალითად როცა ვეკითხებოდით მირანდა უფლებების კატალოგზე, ანუ დაკავების დროს რასაც განუმარტავენ დაკავებულს, მან ვერ გაიხსენა რაზე ვსაუბრობდით და რატომ ერქვა ეს სახელად. ასევე ბუნდოვანი იყო მისი პასუხები გამოხატვის თავისუფლების სტანდარტებთან დაკავშირებით. ერთი მხრივ რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ რაღაცები წაკითხული და მომზადებული ჰქონდა, მაგრამ არ იყო მის სიღრმეებში კარგად ჩახედული და ეს უფრო ზედაპირული ცოდნა იყო. ერთი მხრივ თქვა, რომ მხარს უჭერს აბსოლუტურ თავისუფლებას და მეორე მხრივ ემხრობოდა დასჯადობას, ვთქვათ სახელმწიფო შეურაცხყოფისთვის. ასევე, კითხვაზე - რა არის სიძულვილის ენა, მან თქვა, რომ ეს არის უხამსობა. ამიტომ ვფიქრობ, მას როგორც მოსამართლესაც ჰქონდა კვალიფიკაციის პრობლემები და როცა ვსაუბრობდით, რომ ამ პროცესმა ვერ მოგვცა კვალიფიციური და კეთილსინდისიერი მოსამართლეები, ალბათ ქალბატონი ნინო ის შემთხვევაა, რომელიც ორივე კრიტერიუმთან მიმართებაში არის ასე ვთქვათ სამაგალითო“, - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.
შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ნინო ქადაგიძე წარადგინა. ქადაგიძის კანდიდატურას მხარი საბჭოს 13-მა წევრი წევრიდან 12-მა დაუჭირა. კენჭისყრაში პროტესტის ნიშნად არ მონაწილეობდნენ საბჭოს არამოსამართლე წევრები - ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე.