logo
ENG



22 ივნისს ეს ამბები არ უნდა გამოტოვო

22 ივნ 202009:06
3 წუთის საკითხავი
clock 1177
5uu05cnmxw7kphh.png

 

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 22 ივნისის მნიშვნელოვან მოვლენებს

 

აშშ-ის საელჩოს მილოცვა საქართველოს

 

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ქართველ კანონმდებლებს საკონსტიტუციო ცვლილების პირველი მოსმენით მიღებას ულოცავს. განცხადებაში, რომელიც საელჩომ გაავრცელა ნათქვამია , რომ ეს საპარლამენტო პლურალიზმის გაზრდისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი  ნაბიჯია. შეერთებული შტატების საელჩო ყველა მხარეს 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებისკენ მოუწოდებს. 

საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღებას საქართველოს რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერიც ულოცავს - „გრძელი გზა იყო, თუმცა ამად ღირდა. ვულოცავ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გახარიას, პარლამენტის სპიკერ თალაკვაძეს, ოპოზიციის ლიდერებსა და საქართველოს მოქალაქეებს, ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ", - წერს კინზინგერი სოციალურ ქსელ ტვიტერში.

 

არეულობა გერმანიაში

 

გერმანიის ქალაქ შტუტგარტში არეულობა კვირას გვიან ღამით დაიწყო. არეულობის მონაწილეები, რომლებიც ქალაქში მცირე ჯგუფებით მოძრაობდნენ, აზიანებდნენ ბილბორდებს. დააზიანეს სულ მცირე 30 მაღაზია, ცხრა კი გაძარცვეს. ასევე 12 საპატრულო ავტომობილი.

საპასუხოდ, დაახლოებით 300 პოლიციელი იქნა გამოყვანილი, მათ შორის ფედერალური პოლიცია. არეულობა საბოლოოდ გამთენიისას განეიტრალდა. პოლიციამ დააპატიმრა 24 ეჭვმიტანილი, რომელთაგან დაახლოებით ნახევარი გერმანელია. ასევე დაშავდა 19 ოფიცერი.

არეულობის მიზეზად პოლიციის მიერ ნარკოტიკების მოხმარებაზე ჩატარებული შემოწმება სახელდება.

 

 

 

გიორგი რურუას სასამართლო პროცესი

 

სწორედ დღეს გაგრძელდება საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას საქმის განხილვა. პროცესზე, რომელი 12:30 საათზეა ჩანიშნული.​ საგამოძიებო და ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლები, ხელმძღვანელები და გამომძიებლები დაიკითხებიან. დასაკითხი პირები, ფორმალურად, დაცვის მხარეს წარმოადგენენ, რადგან, როგორც რურუას უფლებამდამცველი ამბობს, ბრალდების მხარემ ისინი მოწმეთა ბაზაში არ შეიყვანა. დაცვის მხარე დღევანდელ პროცესზე აღკვეთი ღონისძიების შეცვლის შესახებ შუამდგომლობას არ მოითხოვს. 

 

მზის დაბნელება

 

გუშინ მზის დაბნელება იყო. მზის წრიული დაბნელება მაშინ ხდება, როდესაც მთვარე დედამიწისგან ყველაზე შორს მდებარეობს და მზესთან შედარებით ცაზე ბევრად პატარა ჩანს. ეს მოვლენა 2013 წლის მაისში, დასავლეთ ავსტრალიაში ფოტოგრაფმა კოლინ ლეგმა და ასტრონომიის სტუდენტმა ჯერ სიმსმა პირველებმა აღბეჭდეს. მზისა და მთვარის მიერ შექმნილი ამ ბეჭდის ნახვა ცენტრალური აფრიკიდან და აზიიდან იყო  შესაძლებელი. ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპიდან -- მათ შორის, საქართველოდან -- ავსტრალიის ჩრდილოეთ ნაწილის ჩათვლით, დაბნელება ხილული მხოლოდ ნაწილობრივ გახლდათ. მოვლენა ბოლოს 2019 წელს მოხდა, მორიგი დაბნელება კი 2021 წელს დაფიქსირდება, მაგრამ მისი დანახვა მხოლოდ არქტიკიდან იქნება შესაძლებელი.

 

კურტ კობეინის გიტარა აუქციონზე 6 მილიონ დოლარად გაიყიდა

 

ლეგენდარული მუსიკოსის, ჯგუფ "ნირვანას" ვოკალისტისა და გიტარისტის, კურტ კობეინის გიტარა აუქციონზე რეკორდულ ფასად, 6 მილიონ ამერიკულ დოლარად გაიყიდა. როგორც აუქციონის სახლი "Julien" -ი ამბობს ეს ყველაზე მაღალი ფასია, რაც კი ამ მუსიკალურ ინსტრუმენტშია გადახდილი. 

როგორც ერთ ერთ სააგენტო წერს, საუბარი სწორედ იმ აკუსტიკურ გიტარაზეა, რომელზეც კურტ კობეინმა გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე რამდენიმე კომპოზიცია შეასრულა. 

გიტარის ახალი მეპატრონე ავსტრალიური მიკროფონების კომპანიის მფლობელი, პიტერ ფრიდმანი გახდა. როგორც ცნობილია ფრიდმანი საგამოფენო ტურის ორგანიზებასაც გეგმავს, რათა ბევრ ადამიანს შეეძლოს გიტარის ხილვა.

 


COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში


908 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 761 გამოჯანმრთელებული და 14 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 269 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 2710 პირი.

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა 9 მილიონს გადააჭარბა. მათგან, ვირუსი 4.8 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 470 ათასს აღემატება. ამ დროისთვის 54 700-ზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.

კრიტიკულია მდგომარეობა ბრაზილიაში, სადაც ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 16 000-ზე მეტი შემთხვევა დაფისქრიდა. იზრდება დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა აშშ-ში, ინდოეთში, რუსეთში და დიდ ბრიტანეთში. ბოლო 24 საათში აშშ-ში ვირუსი 26 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 122 000-ს აჭარბებს.



close დახურვა