საარჩევნო სისტემის ცვლილებას 113 ხმა სჭირდება. ამ შემთხვევაში მმართველ გუნდს მისი ყოფილი წევრების მხარდაჭერა დაჭირდება.
როგორც პარლამენტის წევრი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, თუ ოპოზიციისა და მმართველ გუნდს შორის არსებული ყველა შეთანხმება დაცული იქნება, ის კანონპროექტს მხარს დაუჭერს.
„საკონსტიტუციო ცვლილება დღეს უნდა დაინიშნოს. პირველ რიგში, ტექსტი უნდა ვნახო. საკონსტიტუციო ცვლილება აუცილებლად უნდა ასახავდეს იმ შეთანხმებას, რომელსაც მხარი დავუჭირეთ. დარწმუნებული ვარ ეს დეტალები იქნება წარმოდგენილი დოკუმენტში, სხვანაირად ვერ წარმომიდგენია და მას აუცილებლად დავუჭერ მხარს“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.
კანონპროექტის მხარდაჭერას ასევე აპირებს მმართველი გუნდის წევრი ეკა ბესელიაც.
„პრინციპებს ვეთანხმები. თუ ეს პრინციპები დაცული იქნება კანონპროექტში მას ხმას მივცემ. რაც შეეხება მეორე საკითხს, სამართლებრივი პროცედურები უნდა დაიწყოს და იმედის კონსტიტუციური ცვლილების მიღებამდე ყველა საქმე დასრულდება და ყველა შეთანხმება შესრულდება“, - აღნიშნა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები 120/30 სისტემით ჩატარდება, სადაც 120 დეპუტატი პროპორციული საარჩევნო სისტემით იქნება არჩეული, ხოლო 30 დეპუტატი მაჟორიტარი იქნება.
გარდა ამისა, არჩევნები 1%-იანი ბარიერით ჩატარდება და იქნება 40%-იანი ჩამკეტი მექანიზმი, რაც ნიშნავს, რომ კონკრეტული პარტია მთავრობას იმ შემთხვევაში დააკომპლექტებს თუ ხმების 40%-ზე მეტს დააგროვებს.
მმართველმა გუნდმა და ოპოზიციამ დღეს კიდევ ერთი შეხვედრა გამართეს და ასევე შეთანხმდნენ, რომ თბილისში 8 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი იქნება.