სტუდენტები სწავლის საფასურის გადახდის გადავადებას ითხოვენ. შესაბამის მოთხოვნა-პეტიციას სტუდენტური ომბუდსმენის წევრები კანცელარიაში პრემიერის სახელზე დღეს შეიტანენ.
როგორც ინიციატივის ორგანიზატორი, დათო მჟავანაძე აცხადებს, იმ ვითარებაში, როდესაც კორონავირუსის პრევენციის გზებთან დაკავშირებით ზოგიერთი კომპანია მუშაობას წყვეტს, ან თანამშრომლებს უხელფასო შვებულებაში უშვებს, სტუდენტებისთვის თანხის გადახდა რთულია.
„ჩვენი ორგანიზაცია სტუდენტური ომბუდსმენი, რომელშიც გაერთიანებული არიან სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები, აღნიშნული კრიზისული ვითრება მძიმე მდგომარეობაში ამყოფებს სტუდენტებსაც, რომელთაც აქვთ სწავლის საფასური გადასახდელი. ასეთ პირობებში, საქართველოს მთავრობამ უნდა შეიმუშაოს გეგმა.
"დისტანციური სწავლება ერთი ნაწილია. აქ საუბარია სწავლის საფასურის გადახდაზე. აღნიშნულ კრიზისულ ვითრებაში ძალიან ბევრი ობიექტი ან იხურება, ან თანამშრომლებს უშვებს უხელფასო შვებულებაში, ეს თანამშრომლები არიან ან სტუდენტები ან მათი მშობლები“, - განაცხადა მჟავანაძემ.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემიად გამოაცხადა. საქართველოში ვირუსით ოფიციალურად ინფიცირებულია 33 პირი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 637 პირი.
აქედან გამომდინარე, უმაღლესი სასწავლებლების ნაწილი დღეიდან დისტანციურ სწავლებაზე გადადის. უნივერსიტეტებმა სწავლების ამ მეთოდის გამოსაყენებლად სხვადასხვა სისტემა შეარჩიეს.