logo
ENG



გოცირიძე კარანტინის წესების დარღვევაზე: სანქციები უნდა იყოს როგორც ფინანსური ასევე ადმინისტრაციული

17 მარ 202017:33
3 წუთის საკითხავი
 

 

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ინიციატივას, თვითიზოლაციის დარღვევაზე კანონის გამკაცრების შესახებ, პარლამენტის დეპუტატები აფასებენ.ინიციატივას მხარს უჭერენ როგორც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, ისე დამოუკიდებელი დეპუტატები. მათი თქმით, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცავებს ჰქონდეთ კანონიერი გარანტია იმის რომ გაატარონ მკაცრი მიდგომები, ვინაიდან საქმე ეხება ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობას. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ხელისუფლებამ უნდა იჩქაროს და მმართველმა გუნდმა დროულად უნდა დაარეგისტრიროს კანონი, ვინაიდან მზარდია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც თვითიზოლაციის წესებს არღვევენ.

„მე მგონია რომ ამ ვითარებაში რაც აუცილებელია ეპიდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად, არის მკაცრი წესების დაცვა ყველას მხრიდან ვინც უნდა დაიცვას ეს წესები. ამიტომ მონიტორინგი ყველა ეტაპზე უნდა გაძლიერდეს, კანონის ჩარევა თუ არის საჭირო, კანონში ცვლილებაც უნდა იყოს მიღებული და მონიტორინგის სამართლიანად მკაცრად გამოყენება არის ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტი პრევენციის თვალსაზრისით“,-განაცხადა ეკა ბესელიამ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, თვითიზოლაციის დარღვევის შემთხვევაში სანქციები აუცილებელია და უნდა არსებობდეს როგორც ფულადი, ისე ადმინისტრაციული სანქციები.

„კარანტინის წესების დარღვევისთვის აუცილებელია გამკაცრდეს ზომები და დაწესდეს სანქციები. სანქციები უნდა იყოს, როგორც ფინანსური ისე ადმინისტრაციული და ეს უნდა იყოს იმ ზომის რომელიც შეაფერხებს უპასუხისმგებლო ადამიანების ქმედებას“,-განაცხადა რომან გოცირიძემ.

პარლამენტის თავჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ უმრავლესობის ლიდერს, მამუკა ბახტაძეს მოუწოდა, შეიმუშაოს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც თვითიზოლაციის დარღვევაზე კანონი გამკაცრდება. მმართველი გუნდის წარმომადგენლის, მამუკა მდინარაძის განცხადებით თვითიზოლაციის წესების დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა ადმინისტრაციული პატიმრობა დაწესდეს.

 

 


close დახურვა