საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნინო ქადაგიძის დამტკიცებას ოპოზიციურ პარტიებში ნეგატიურად აფასებენ. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ქადაგიძე ე.წ. კლანის წევრი და დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებს.
„მას გააჩნია კეთილსინდისიერების და დამოუკიდებლობის პრობლემა, რადგან ის არის იმ კლანის წევრი, რომელიც მართავს სასამართლო ხელისუფლებას. ის ვერასდროს შეძლებს, რომ მიიღოს კლანისაგან დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ.
პარტია „ევროპულ საქართველოში“ სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისთვის ფუნდამენტური რეფორმის აუცილებლობაზე საუბრობენ. პარტიის წევრი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ რეფორმის შემდეგ სასამართლოში არც ე.წ. კლანი და არც ხელისუფლებაზე დაქვემდებარებული ჯგუფები იქნებიან.
„მიგვაჩნია, რომ როდესაც ეს ხელისუფლება შეიცვლება, ასეთი რაღაცები არ უნდა განმეორდეს. მართლაც ფუნდამენტური რეფორმაა ჩასატარებელი სასამართლო სისტემაში. ჩვენ, ოპოზიციურმა პარტიებმა ამასთან დაკავშირებით უკვე კონკრეტული პრინციპები შევიმუშავეთ, შევთანხმდით და როდესაც ივანიშვილს სახლში გავუშვებთ, ამას აუცილებლად განვახორციელებთ, რომ არც კლანი იყოს სასამართლოში და არც კონკრეტულად ხელისუფლებაზე დაქვემდებარებული რომელიმე ჯგუფი“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ.
რაც შეეხება მმართველ გუნდს, „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ქადაგიძე მხარი მისი კვალიფიკაციის გათვალისწინებით დაუჭირეს.
„ჩვენი გადაწყვეტილება ეფუძნება ობიექტურ კრიტერიუმებს, რაც არის მისი კვალიფიკაცია, ობიექტურობა ეს არის ორი ძირითადი კრიტერიუმი, რომლის საფუძველზეც ვიღებთ გადაწყვეტილებას. ჩვენ წინასწარ ვიცოდით, რომელი კანდიდატურაც არ უნდა წარმოედგინა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, ყველასთან დაკავშირებით ექნებოდა იგივე პოზიცია ოპოზიციას, ასე რომ ეს არ იყო გასაკვირი და მოულოდნელი“, - განაცხადა უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა დღეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნინო ქადაგიძე დაამტკიცა. ქადაგიძეს მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა. აღსანიშნავია, რომ სხდომას პროეტსტის ნიშნად ოპოზიციური პარტიები არ ესწრებოდნენ.
