logo
ENG



ლუგარი დიაგნოსტიკას ვეღარ გაუმკლავდება - სპეციალისტები სწრაფი ტესტების საჭიროებაზე საუბრობენ

17 მარ 202021:17
3 წუთის საკითხავი
 

მხოლოდ პირადი ქცევების შესახებ მითითებების დაცვა პანდემიის შესაჩერებლად საკმარისი არ არის - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს შესაძლო ინფიცირების თითოეული შემთხვევის მკაცრად შემოწმებისკენ მოუწოდებს. ტესტირების აქტიური დანერგვა ერთ-ერთი ახალი მოწოდებაა, თუმცა საქართველოში ლაბორატორიულ შემოწმებას მხოლოდ იმ პირებს უტარებენ, ვისაც ინფიცირებულებთან პირდაპირი კავშირი ჰქონდა.

სპეციალისტების მტკიცებით, მალე დიაგნოსტიკას ლუგარის ლაბორატორია ვერ გაუმკლავდება და ქვეყანაში ექსპრეს-ტესტების შემოტანა გახდება საჭირო. ვნებათაღელვა გამოიწვია იმ საერთაშორისო დასკვნის გავრცელებამაც, რომლის მიხედვით, კორონავირუსის მოწყვლად ფენაში ორსულები და ბავშვებიც შედიან, თუმცა მათ ვირუსი მსუბუქად გადააქვთ და უსიმპტომო მატარებლებად მიიჩნევიან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა დღეს რამდენჯერმე გაიმეორა, რომ პანდემიის შესაჩერებლად აუცილებელია მასშტაბური ტესტირება. ამ ეტაპზე კი საქართველოში საქართველოში მხოლოდ კორონა ვირუსის დადასტურებული შემთხვევების კონტაქტის მქონე პირებს გამოხატული სიმპტომების შემთხვევაში უტარდებათ. იმუნოლოგი გიორგი კამკამიძე მიიჩნევს რომ  სავარაუდო შემთხვევების ტესტირების დაწყება დაგვიანებულია და იმისთვის რომ ფართო გავრცელება არ მოხდეს ყველა სავარაუდო შემთხვევას სწრაფი ტესტი უნდა ჩაუტარდეს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მედიასთან ადასტურებს რომ ამ დრომდე ქვეყანაში ჯერ კიდევ მხოლოდ მოგზაურობის ისტორიის და მწვავე სიმპტომების მქონე პაციენტებს იმუნოლოგების რეკომენდაციით ამოწმებენ და ყველა მსურველისა და უსიმპტომოს ტესტირება ვერ ხერხდება. რაც შეეხება სწრაფ ტესტირებას  ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ სწრაფი ტესტების დანერგვაზე   ჯერ კიდევ ფიქრობენ  და გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში იქნება მიღებული.

სპეციალისტები ფიქრობენ იმ მოცემულობაში როცა ქვეყანაში უკვე შიდა გავრცელებები იწყება, უფრო მეტი მობილიზებაა საჭირო. მათი თქმით, ლუგარის ლაბორატორია ტესტების დიაგნოსტიკას მარტო ვეღარ აუვა და არც ის ტესტების  მარაგი იქნება საკმარისი რომელიც ქვეყანას ამ დროისთვის გააჩნია.  თუ ქვეყანას სწრაფი ტესტირება და დამატებითი კვლევითი ლაბორატორიები არ ექნება,  მაშინ საქართველო კორონავირუსის ფართოდ გავრცელების საფრთხის ქვეშ დადგება. ამიტომ ექიმები შესაბამის უწყებებს  სწრაფი ნაბიჯების გადადგმას ურჩევენ. 


close დახურვა