logo
ENG



ესარაა მნიშვნელოვანი კომპონენტი - საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვაში ოპოზიცია არ მიიღებს მონაწილეობას

18 მარ 202010:03
3 წუთის საკითხავი
 

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის თარიღი ჯერჯერობით კვლავ უცნობია, თუმცა ის შესაძლოა მომავალ კვირას შედგეს. ოპოზიციის ნაწილი განხილვაში მონაწილეობას არ აპირებს. "ევროპული საქართველოსა" და "ნაციონალური მოძრაობაში" პროცესს უბრალო ფორმალობად მიიჩნევენ და ხელისუფლებას შეთანხმების ყველა პუნქტის შესრულებისკენ, განსაკუთრებით პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ, მოუწოდებენ.

"ჩვენ ჩვენი ნაწილის შესრულება დავიწყეთ და მხარი დავუჭირეთ საკონსტიტუციო კომისიის შექმნას. ვაპირებთ, რომ საკონსტიტუციო კანონსაც ბოლოს მხარი დავუჭიროთ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მონაწილეობას მივიღებთ განხილვებში. არ მიგვაჩნია, რომ ეს მნიშვნელოვანი კომპონენტია, მაგრამ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი საბოლოოდ ძალაში შევიდეს და არჩევნებიც მშვიდობიანად ჩატარდეს, აუცილებელია ხელისუფლებამაც შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. შესაბამისად, ჩვენ ველოდებით რა ნაბიჯებს გადადგამს იმ ადამიანების გასათავისუფლებლად მთავრობა, რომლებიც ჩვენი შეფასებით პოლიტპატიმრები არიან",-აცხადებს სერგი კაპანაძე.

"ნაციონალურ მოძრაობაში" მიაჩნიათ, რომ ხალხის პოზიცია უკვე ცნობილია და ზუსტად ამიტომ, მსგავსი შეხვედრა მხოლოდ ფორმალობაა.

"პარლამენტმა მიიღო გადწყვეტილება გაიმართოს დისტანციური შეხვედრები, რაც სწორია, თუმცა რა ფორმითაც არ უნდა გამართულიყო, ჩვენ არ ვაპირებდით მასში მონაწილეობას. რადგან პრაქტიკულად იმავე შინაარსის ცვლილებების საჯარო განხილვა უკვე მოხდა და ჩვენც ვმონაწილეობდით. ხალხმა თავისი პოზიცია დააფიქსირდა და ახლა კომისიის მუშაობა სრული ფორმალობაა. ისედაც ნათელია, რომ საქართველოს მოსახლეობა ითხოვს პროპორციულს ან მასთან დაახლოებულ სისტემას",-განმარტა თინა ბოკუჩავამ.

დისტანციურ მუშაობას მიესალმება დამოუკიდებელი დეპუტატი მარიამ ჯაშიც. რაც შეეხება განსახილველ თემას, საკითხი ყველა სახის ფორმატში უნდა განიხილებოდეს.

"კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება უსაფრთხოებიდან და დაავადების გავრცელების პრევენციიდან გამომდინარე, რომ შედგეს საჯარო განხილვები სატელევიზიო ეთერით, სადაც ჩვენს მოსახლეობას წინასწარ ექნება ინფორმაცია, სად შეეძლება კითხვების გამოგზავნა და ასევე პოზიციების დაფიქსირება. მთავრია ამ ცვლილებების განხორციელების დროულობა და ჩვენი ფრაქცია საყოველთაო სავალდებულო არჩევნების თემას ყველა ფორმატში დააყენებს დღის წესრიგში",-აღნიშნა მარიამ ჯაშმა. 


close დახურვა