იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ოქტომბრის თვისთვის საგანგებოსთან მიახლოებული სიტუაცია გაგრძელდება, მაშინ საარჩევნო სუბიექტები საარჩევნო კამპანიას ვერ ჩაატარებენ, რაც არასამართლიანია.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი იმედოვნებს, რომ ყველა მხარე გონივრულ გადაწყვეტილებებს მიიღებს და მოხდება შეთანხმება ხელისუფლებასა და არჩევნებში მონაწილე პირებს
შორის.
„თუ საგანგებოსთან დაახლოებული ვითარება კიდევ რამდენიმე თვე გაგრძელდა, ცალსახაა, რომ საარჩევნო სუბიექტებს არ ექნებათ სამართლიანი შესაძლებლობა, რომ აწარმოონ მუშაობა ხალხთან და აწარმოონ მომზადება საარჩევნო კამპანიისათვის. იმედი მაქვს რომ ყველა მხარე კეთილგონივრულად მოიქცევა. საჭირო იქნება შეთანხმება ხელისუფლებასა და საარჩევნო სუბიექტებს შორის“, განაცხადა ანა დოლიძემ.
ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრი მარიამ ჯაში იმედოვნებს, რომ არჩევნების გადადების აუცილებლობა არ იქნება, მაგრამ თუ ეს პრობლემა ხელისშემშლელი აღმოჩნდება, მაშინ უმთავრესი საზოგადოების ჯანმრთელობა იქნება.
„იმედი გვაქვს, რომ გადადების აუცილებლობა არ იქნება. ამ ეტაპზე მთავარია ჩვენი საზოგადოების ჯანმრთელობის მდგომარეობა, რისკების მინიმალიზაცია. რაც შეეხება მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესებს, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს საზოგადოების უსაფრთხოების დაცვის პირობებში ახალი მიდგომით საკონსტიტუციო ცვლილებების გატარებას“, - აცხადებს მარიამ ჯაში.
შეგახსენებთ, ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ იმედის ეთერში განაცხადა, რომ ეპიდემიის პირობებში არჩევნები არ უნდა ჩატარდეს და არ ჩატარდება. გარდა ამისა, მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი არც იმას გამორიცხავს, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში, საკონსტიტუციო ცვლილებები დაჩქარებული წესით მიიღონ. ამასთან, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ ეპიდემია ზაფხულისთვის გადაივლის.
