logo
ENG



თეოლოგები საპატრიარქოს ურჩევენ, ვირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციები სრულად გაითვალისწინოს

19 მარ 202014:26
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს საპატრიარქოში ხვალ სინოდის საგანგებო სხდომა გაიმართება. სხდომაზე მაღალი იერარქიის სასულიერო პირები კორონავირუსის შესახებ იმსჯელებენ და გადაწყდება შეიცვლება თუ არა რელიგიური რიტუალების წესები.

თეოლოგების ნაწილი საპატრიარქოს ურჩევს, რომ მსოფლიო უსაფრთხოების რეკომენდაციებს მიყვეს და სხვა ქვეყნების მართლმადიდებლური ეკლესიების გადაწყვეტილებები გაითვალისწინოს.

„საპატრიარქომ უნდა გაითვალისწინოს ის საფრთხეები, რაც შეიძლება მოჰყვეს ადამიანების ერთად შეკრებას. ეს არის ვირუსის გადატანის საშიშროება. მსოფლიო საპატრიარქომ ზუსტად ეს განაცხადა - იმის გამო, რომ ჩვენ ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს და ერთმანეთს პატივს ვცემდეთ, ამის გამო უნდა შევიკავოთ თავი დროებით. ამიტომაც არის, რომ სააღდგომო წირვას აპირებენ ღია ცის ქვეშ ჩაატარონ. თითქმის ყველა ეკლესიამ მიიღო მსგავსი გადაწყვეტილება და საქართველოს ეკლესიამაც რაღაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ადამიანი, ეს არის უდიდესი ფასეულობა ეკლესიისთვის და მისი გადარჩენა, ჯანმრთელობა არის უმთავრესი მიზანი“, - განაცხადა პროფესორმა გოჩა ბარნოვმა.

რეკომენდაციების გათვალისწინებას ურჩევს საპატრიარქოს ინფექციონისტების ნაწილიც. გიორგი კამკამიძის თქმით, თუ რომელიმე რგოლში რეკომენდაციები დაირღვევა, ეპიდემიოლოგიური ღონისძიებების გატარება შედეგიანი ვეღარ იქნება.

„მოწოდება იქნება ეკლესიის მიმართაც, რომ როგორც სხვა რგოლებში, მათაც გაითვალისწინონ რეკომენდაციები, რადგან არავითარი აზრი არ ექნება საერო ნაწილში ეპიდემიოლოგიური ღონისძიებების გატარებას, თუ რაღაც რგოლში ეს დაირღვა. ნუ გავაკეთებთ ისე, რომ ჩვენი დაუდევრობის გამო, აუცილებელი გახდეს საგანგებო მდგომარეობის შემოღება“, - განაცხადა კამკამიძემ.

რაც შეეხება სასულიერო პირების პოზიციას, მათი ნაწილი საჯაროდ არ საუბრობს, თუმცა ნაწილი ამბობს, რომ ზიარების წესი გადახედვის საჭიროებას ვერ ხედავენ.

 


close დახურვა