
რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი ლევან გოდოძე, საავადმყოფოში არსებული პაციენტების შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ ამჟამად კლინიკაში 45 პაციენტი იმყოფება.
მისივე განცხადებით, ლუგარის ლაბორატორიის წარმომადგენლები 5 პაციენტს უღებენ ანალიზებს და მათი პასუხები მალე იქნება ცნობილი.
ლევან გოდოძე რესპუბლიკური საავადმყოფოს დაქვემდებარებაში მყოფ საკარანტინო სივრცეებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ისნის, დიღომის და რუსთავის საკარანტინო ზონაში მყოფი მოქალაქეების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„რესპუბლიკურ საავადმყოფოში 45 პაციენტია. ამ წუთებში 3 პაციენტი დატოვებს კლინიკას, თუმცა დაგვირეკეს, რომ 3-ს მოიყვანენ. გუშინ ჯამში 6 პაციენტს ჩაუტარდა კვლევა ახალ კორონავირუსზე და ყველა ნეგატიური პასუხი მივიღეთ. ამ წუთებში ლუგარის ლაბორატორია 5 პაციენტს უღებს ანალიზებს და პასუხებს დაველოდებით. ყველა პაციენტის მდგომარეობა, რომელიც ჩვენთან არის დამაკმაყოფილებელია. ორს აღენიშნება პნევმონიის ნიშნები და მიმდინარეობს მკურნალობა. რაც შეეხება სხვა საკარანტინო სივრცეებს, რომელსაც რესპუბლიკური საავადმყოფო კურირებს ასეთი სამია. ესენია ისანი, დიღომი და რუსთავი. ამ საკარანტინო ზონებში მყოფი მოქალაქეების მდგომარეობა სრულიად დამაკმაყოფილებელია. მცირეწლოვანი პაციენტები ჩვენთან არ იმყოფებიან“, - განაცხადა ლევან გოდოძემ.