
საქართველოს საპატრიარქო სასულიერო პირებს მიმართავს, კორონავირუსის ეპიდემიის გამო ზიარების პრაქტიკასთან დაკავშირებით, საკუთარი მოსაზრებებისგან თავი შეიკავონ და სინოდის სხდომას დაელოდონ.
ამის შესახებ საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული.
„კორონა ვირუსის ეპიდემიის გამო ზიარების პრაქტიკასთან და, საერთოდ, ეკლესიურ ცხოვრებასთან დაკავშირებით სასულიერო პირთა შორისაც აზრთა სხვადასხვაობა დაფიქსირდა.
ყველას ვთხოვთ, თავი შეიკავონ პირადი მოსაზრებებისაგან და დაელოდონ საქართველოს ეკლესიის წმ.სინოდის სხდომას, რომელიც პარასკევს, 20 მარტს, 12:00 საათზე გაიმართება“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
ცნობისთვის, საპატრიარქოში ხვალ სინოდის საგანგებო სხდომა გაიმართება. სხდომაზე მაღალი იერარქიის სასულიერო პირები კორონავირუსის შესახებ იმსჯელებენ და გადაწყდება შეიცვლება თუ არა რელიგიური რიტუალების წესები. საზოგადოების ნაწილი, ასევე თეოლოგები მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია საპატრიარქომ ვირუსის პრევენციისთვის გაცემული ყველა რეკომენდაცია შეასრულოს და სხვა ქვეყნების მართლმადიდებლური ეკლესიების გადაწყვეტილებები გაითვალისწინოს.