მარნეულის გამშვებ პუნქტთან უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. ადგილზე სამართალდამცველები, თავდაცვის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები და მედიკოსები მუშაობას აგრძელებენ.
"ფორმულას" კორესპონდენტის ინფორმაციით, გამშვებ პუნქტთან თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც იმყოფებოდა, რომელიც ვითარებას ადგილზე გაეცნო, თუმცა მინისტრს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
რაც შეეხება სატრანზიტო ავტომობილებს მათ მარნეულში გაჩერების უფლება არ აქვთ და ისინი ტერიტორიას სპეციალურად გამოყოფილი ესკორტით გაივლიან.
გარდა ამისა, უკვე ცნობილია, რომ ხვალ მარნეულსა და ბოლნისში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. ადგილზე მყოფი სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის ზურაბ ლიპარტიას თქმით, დეზინფექციისთვის 40 ერთეული შემაშხურებელი აგრეგატია გამოყოფილი. ამასთან, დეზინფექცია უტარდება მარნეულში ყველა შემავალ და გამავალ ავტომობილს, ხოლო მედიკოსები მოქალაქეებს ტემპერატურას უზომავენ.
"სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს სადეზინფექციო სამუშაოებს. ძირითადი ტექნიკა, რაც ამ სამუშაოებისთვის არის განკუთვნილი, უკვე დასავლეთ საქართველოდან მოდის. ასეთი სულ 40 ერთეულია. დღეს, ერთი მანქანა იმუშავებს ავტოსატრანსპორტო მანქანების დასამუშავებლად, რომელიც გამოვა მარნეულის მუნიციპალიტეტიდან, რათა გამოირიცხოს ვირუსის გადატანის ალბათობა", - განაცხადა ლიპარტიამ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით მარნეულსა და ბოლნისში მკაცრი კარანტინი გამოცხადდა. ამის მიზეზი კორონავირუსის გავრცელების პრევენცია გახდა. ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დადგინდა, რომ ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, ბევრ ადამიანთან ჰქონდა კავშირი.
დღეს მარნეულში საველე ჰოსპიტალიც მოეწყო.