საქართველოს მოქალაქეები ესპანეთიდან დახმარებას და სამშობლოში ჩამოყვანას ითხოვენ. კორონავირუსს ესპანეთის ტერიტორიაზე საქართველოს 3 მოქალაქე ემსხვერპლა. პანდემიის გავრცელების ზონაში ახლა 50 ზე მეტი სტუდენტი და ასობით ქართველი ემიგრანტია.
ავიარეისების აკრძალვის გამო ფრენა საქართველოს მიმართულებით სხვადასხვა ქალაქებიდან სამჯერ გაუუქმეს. ახლა ესპანეთში კარანტინია, კორონავირუსით ინფიცირებულების რიცხვი კი მუდმივად მზარდი.
ესპანეთისგან განსხვავებით სპეციალური რეისი პოლონეთში სამ აპრილს დაინიშნა.
საქართველოში დაბრუნებას პოლონეთის აეროპორტებსა და ქუჩებში 100-მდე ქართველი ემიგრანტი ელოდება.
დახმარებას ითხოვენ სხვა ემიგრანტებიც ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან. მათ შორისაა იტალია, კორონავირუსის ეპიცენტრი.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ მომდევნო ორი კვირის სპეციალური ფრენების გრაფიკი წარადგინა. ამ გრაფიკით 23 მარტიდან 10 აპრილამდე 7 სპეციალური რეისი შესრულდება ბერლინიდან ათენიდან, ლარნაკადან, ვარშავიდან, ამსტერდამიდან და ვენიდან. სახელმწიფო ბილეთის ფასს არ დაასუბსიდირებს.
რეისების ახალი გრაფიკი არასაკმარისია ევროპული საქართველოსთვის. ისინი ხელისუფლებას გეგმას სთავაზობენ - საპენსიო ფონდში დაგროვილი თანხებით ემიგრანტებს ბილეთების შეძენასა და საქართველოში დაბრუნებაში დაეხმარნონ. ემიგრანტების დასახმარებლად სპეციალური შტაბი შეიქმნა ნაციონალურ მოძრაობაში. საგარეო საქმეთა სამინსიტროს დღეს არ დაუკონკრეტებია, როგორ შეძლებენ ის მოქალაქეები საქართველოში დაბრუნებას, რომლებიც უსახსრობის გამო ბილეთის ყიდვასაც ვერ ახერხებენ.