ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ე.წ. სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ ამ ეტაპზე საქართველოში 1000 ტესტი ჩამოვიდა. მისივე განცხადებით, სხვა ტესტებთან შედარებით ამ ტესტის შემთხვევაში პასუხის გაგება 6 საათის ნაცვლად საათნახევარში არის შესაძლებელი.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, სახელმწიფოს სულ 200 000 ტესტი აქვს შესყიდული, რომელიც მომდევნო კვირებში ეტაპობრივად ჩამოვა.
„სწრაფი ტესტები იმ ტესტების მსგავსია, როგორიც აქამდე კეთდებოდა საქართველოში თუმცა მათი დრო 6 საათის ნაცვლად შემცირებულია საათნახევრამდე. პირველი ეტაპისთვის ეს ტესტები მოგვცემს საშუალებას, რომ უფრო შემოკლებულ ვადებში მივიღოთ გადაწყვეტილება პაციენტების ნაკადების მართვისთვის.
ჩვენი სპეციალისტები გააგრძელებენ მუშაობას. ველოდებით კიდევ დამატებით რაოდენობას. უკვე დასქრინული არის 35 000 მოქალაქე, ეს დაახლოებით 8 000-მდე ოჯახია. მათგან გამოვლინდა უკვე გარკვეული ჯგუფები, რომლებიც ადგილზე იმყოფებიან და მათზე დაკვირვება მიმდინარეობს. სამომავლოდაც ასეთი მიზნობრივი ჯგუფების შემოწმება იგეგმება. 25-მდე ადამიანს ამ ეტაპისთვის დაუდგინდა გარკვეული ჩივილები და ამ ჩივილების შესაბამისად მათ ჩაუტარდებათ ტესტირება.
ამ ეტაპზე 1000 ტესტი არის ჩამოტანილი. კვირის ბოლომდე კიდევ 3000 ტესტს ველოდებით, ხოლო შემდეგ 5000 ტესტს. საერთო ჯამში ხელშეკრულება გაფორმებული გვაქვს 200 000 ტესტზე, რომელიც ეტაპობრივად იქნება ჩამოტანილი საქართველოში. 1000 სწრაფი ტესტი, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა მარნეულისთვისაა განკუთვნილი“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ ჩინეთის მიერ ნაჩუქარი 420 000 ღირებულების სწრაფი ტესტები უკვე თბილისშია.
