logo
ENG



242 დაინფიცირებული და 60 განკურნებული - პანდემიის ბოლო მონაცემები ქვეყანაში

11 აპრ 202020:03
3 წუთის საკითხავი
 
31lucowa4ov5s5w.jpg

242 ინფიცირებული და 60 გამოჯანმრთელებული - ასეთია საქართველოში კორონავირუსის პანდემიის ბოლო სტატისტიკური მონაცემები. ამასთან, 370 ადამიანი, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

სხვადასხვა კლინიკაში ვირუსის გართულებული ფორმით რამდენიმე პაციენტი მკურნალობს, რამდენიმე შემთხვევაში კი დაავადების წყაროს დადგენა ვერ ხერხდება.

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში მოთავსებული ხანდაზმული მამაკაცის კორონავირუსით ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია. მედიკოსების ინფორმაციით, მისი შვილი  მოლარეა და ვარაუდობენ, რომ ვირუსის გავრცელების წყარო ფულია. მოლარე ქალს ერთი კვირის წინ ტემპერატურა ჰქონდა, თუმცა ტესტი მამის ინფიცირების დადასტურების შემდეგ ჩაუტარდა. ხანდაზმული კაცის  მდგომარეობა  მძიმეა, ის თბილისის ზღვის ჰოსპიტლიდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.

მძიმეა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული პაციენტებიდან 1-ის მდგომარეობა. ის 81 წლისაა და მისი მის მდგომარეობას ექიმები კრიტიკულად აფასებენ.  ​

კორონავირუსით ინფიცირებული 4 პაციენტი ჰყავთ რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ბოლო შემთხვევა გუშინ ღამით დადასტურდა. ახალგაზრდა კაცს პნევმონია, დანარჩენი სამისგან განსხვავებით, ჯერ არ გამოვლენია. ინფიცირებულთაგან მძიმეა ერთის მდგომარეობა, რადგან მას ქრონიკული დაავადება აქვს.

ინფექციურ საავადმყოფოში 1 ახალი პაციენტი ჰყავთ. ის ეროვნული ბანკის კლასტერს მიეკუთვნება, მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მედიკოსები კრიტიკულად აფასებენ 3 ინფიცირებულის მდგომარეობას. ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს სომხეთიდან გადმოყვანილი საქართველოს 2 მოქალაქეც, რომლებსაც ვირუსი სომხეთში დაუდგინდათ. სწორედ ამ ფაქტის შემდეგ შეიცვალა სტატისტიკის წარმოების წესიც. 

ბოჭორიშვილის კლინიკაში ხუთი წლის ბავშვი პნევმონიით ქუთაისიდან გადაიყვანეს. მისი ინფიცირება ლენტეხის კლასტერს უკავშირდება. კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 15 პაციენტი რჩება. 

თბილისის კლინიკების მსგავსად, ლაბორატორიული კვლევის პასუხებს ელიან რეგიონებშიც. ბათუმში - 17, ფოთის ცხელების ცენტრში კი სინჯი 5 საეჭვო პაციენტს აუღეს. 

ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება.

საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ქვეყანაში უკვე დაფიქსირებულია შიდა გადაცემის ფაქტებიც.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.


close დახურვა