ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები სწრაფი ტესტების საკითხს ეხმაურებიან. კერძოდ, ექსპერტები "ფორმულასთან" საუბარში ჩინური კომპანიისგან შეძენილ სწრაფ ტესტებზე ამახვილებენ ყურადღებას და ამბობენ, რომ ხელისუფლებამ ტესტების შემოწმებას მეტი დრო უნდა დაუთმოს.
ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში ვატო სურგულაძე ამბობს, რომ საქართველოს მთავრობბამ ტესტების შეძენისას სხვა ქვეყნების გამოცდილება უნდა გაითვალისწინოს.
"უფრო სერიოზულად უნდა მოეკიდოს, მით უმეტეს არც თუ ისე პატარა თანხაა გადახდილი. კარგად უნდა შევამოწმოთ, ვნახოთ ვის აქვს კარგი გამოცდილება, მაგალითად გერმანია და კორეა რა ტესტებს იყენებენ და გადაწყვეტილება ამის მიხედვით მივიღოთ", - აღნიშნა სურგულაძემ.
ტესტების შემოწმების აუცილებლობაზე მიუთითებს კიდევ ერთი სპეციალისტი, სერგო ჩიხლაძე. ჩიხლაძე ამბობს, რომ ტესტების შემოწმება უკვე ინფიცირებულ პაციენტებზეც არის შესაძლებელი.
"ამის გადამოწმება შეიძლება. თუნდაც საქართველოში უკვე დაინფიცირებულ ადამიანებზე დატესტვა. იქიდან შეგვიძლია შევქმნათ ზოგადი სურათი, რამდენად შეესაბამება ტესტი რეალობას და სანდოა", - განაცხადა ჩიხლაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველომ კორონავირუსის შესამოწმებლად ჩინური კომპანიისგან სწრაფი ტესტები შეიძინა, თუმცა მოგვიანებით აღნიშნულმა კომპანიამ პროდუქცია უკან გამოიწვია. გაწვევის მიზეზი სწრაფი ტესტების უვარგისობა იყო. ამ ეტაპზე საქართველო მოლაპარაკებებს სხვა კომპანიასთან აწარმოებს.