„ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა, კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში არსებულ ხარვეზებზე ისაუბრა და პირველადი ჯანდაცვის რგოლის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
როგორც მან „გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ განაცხადა, იმისათვის, რომ ჰოსპიტალებში საწოლებთან დაკავშირებით პრობლემები არ შეიქმნას, აუცილებელია, პაციენტებს, რომელთა მდგომარეობაც მსუბუქია, სახლის პირობებში უმკურნალონ.
„არც ერთ ქვეყანას არ აქვს საკმარისი რაოდენობის საწოლი, რადგან პანდემია გულისხმობს იმას, რომ რაღაც მომენტში გვაქვს პიკურად იმაზე მეტი დატვირთვა, ვიდრე ჩვეულებრივ რეჟიმში. აქედან გამომდინარე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მკაფიო ინსტრუქციას ჩვენი ოჯახის ექიმების და პირველადი ჯანდაცვის, რომ უსიმპტომო და მსუბუქ სიმპტომიანი პაციენტების მართვა შევძლოთ თვითიზოლაციის პირობებში, სახლში. ამას აკეთებენ წარმატებულ შემთხვევებში, რომ ჰოსპიტალურ სექტორში თუ უსიმპტომო ან მსუბუქ სიმპტომიანი პაციენტები დაიკავებენ საწოლებს, მაშინ როცა წამოგვეწევა მძიმე სიმტპომიანების ნაკადი, არ იქნება ადგილი მათთვის“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
ამ კონტექსტში მან სწრაფი ტესტების საჭიროებას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ფართო დიაგნოსტიკის პირობებში, ნაკადების მართვა უფრო ეფექტურად მოხდება. დეპუტატის თქმით, ასევე უმნიშვნელოვანესია, რომ ექიმები ყველა შესაბამისი პირობით იყვნენ უზრუნველყოფილი.
„ზუსტად ამიტომ არის ფართო დიაგნოსტიკა და სწრაფი ტესტი საჭირო, რომ ამ პაციენტთა ნაკადები ჩვენ უნდა ვმართოთ სწორედ სწრაფი ტესტებით, რომელსაც უმრავლეს შემთხვევაში მოვახერხებთ, რომ გადავამოწმოთ psr ტესტებით არამარტო ლუგარში, არამედ ამის დეცენტრალიზაციაც უნდა მოხდეს, მაგრამ საბოლოო ჯამში, ამან უნდა მოგვცეს პაციენტთა ნაკადების ეფექტური მართვა, ნაკლები დატვირთვა ჰოსპიტალურ სექტორზე. სწორედ უნდა ვმართოთ ნაკადები იმისთვისაც, რომ ექიმები არ გადაგვეღალონ. ისინი არიან ფრონტის ხაზზე. ჩვენს ექიმებს აქვთ საკმარისი გამოცდილებაც, ცოდნაც და ენთუზიაზმიც, რომ დაეხმარონ პაციენტებს და ქვეყანას, ოღონდ თუ ისინი არიან ოფიცრები დაჯარისკაცები, მათ სჭირდებათ ფორმა, შაშხანები, ტყვიების საკმარისი მარაგი. ეს ნაწილი არის ის, რაზეც მუდმივად ვლაპარაკობთ დღესაც, ეს არის არა დაავადებათა კონტროლის ცენტრის, არამედ ჯანდაცვის სამინისტროს დ ამთავრობის საქმე. მე დღეს ვთქვი, იმედი მაქვს, ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ რაც ტესტებზე მოგვივიდა, იგივეს არ დავინახავთ საავადმყოფოების ნაწილში“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
ცნობისთვის, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 91 შემთხვევაა დაფიქსირებული. კარანტინის რეჟიმში 4876 მოქალაქეა, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 264. ჯერჯერობით, ვირუსისგან მხოლოდ18 პაციენტი განიკურნა.