logo
ENG



ბადრი ჯაფარიძე: მთავრობის მხრიდან ტენდენციური ლობისტური საქმიანობა გაუმართლებელია

31 მარ 202023:06
3 წუთის საკითხავი
 

„ნებისმიერი ინვესტიცია ქვეყანაში არის მისასალმებელი, მაგრამ მთავრობის მხრიდან ტენდენციური ლობისტური საქმიანობა გაუმართლებელია“, - ამის შესახებ მოძრაობა „ლელოს“ თანადამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიისა და ფოთის პორტებთან დაკავშირებით „სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მიუღებელია, როდესაც მთავრობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროექტს აჩერებს და ამის შემდეგ, მეორეს იწყებს ისე, რომ პირველს განვითარების შანსს აღარ უტოვებს.

„ზოგადად ნებისმიერი ინვესტიცია არის წასახალისებელი, მაგრამ აქ ჩვენ ვხედავთ ორმაგ სტანდარტს, როდესაც ზარ-ზეიმით შეწყვიტეს ხელშეკრულება ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან, პრემიერ-მინისტრის განცხადებაც მოვისმინეთ, რომ მივესალმებით ინვესტორს, რომელიც თანხას მოიტანს ანაკლიაშიო. ეს ინვესტორები არსებობდნენ და არსებობენ ანაკლიაში, ოღონდ ყველაფერი გაკეთდა, რომ ეს პროექტი არ განვითარებულიყო. ცხადია, ნებისმიერი პარალელური ნებართვების გაცემა ანაკლიის პროექტის განხორციელებას პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის, ამიტომ ეს არ არის მთავრობის მხრიდან გულწრფელი პოზიცია. სამწუხაროდ, საქმე გვაქვს ლობირებასთან სხვა მიმართულებით, რომ სადაც არ ვიცი რა ინტერესები ფიგურირებს. ფაქტია, რომ ანაკლიის პროექტი შარშან გაჩერდა სრულიად უპასუხისმგებლოდ, ვითომ დაპირებით, რომ ახალი ტენდერი ჩატარებულიყო ინვესტორების მოსაზიდად, მაგრამ იმაზე მეტად რეპუტაციული ინსტიტუტების მოზიდვა, რაც ჰყავდა ანაკლიის კონსორციუმს, მე ვერ წარმომიდგენია. ინვესტორებს სჭირდებოდათ გარკვეული მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან, თუმცა მათ ეს ყველაფერი ჩაშალეს. თავიდანვე ნათელი იყო, რომ ვერანაირი ტენდერი ვერ გამოცხადდება ამ პირობებში. პარალელურად მოხდა მიწათსარგებლობის ნებართვის გაცემა, პორტის ასაშენებლად ფოთის მიმართულებით. ნებისმიერი ინვესტიცია ქვეყანაში არის მისასალმებელი, მაგრამ გაუმართლებელია ტენდენციური ლობისტური საქმიანობა მთავრობის მხრიდან, როდესაც ერთს ძალიან მნიშვნელოვან პროექტს აჩერებ და იმის შემდეგ, მეორეს იწყებ ისე, რომ პირველ პროექტს შანსს აღარ უტოვებ“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

მან ასევე ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ის გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად ვერ იღებს.

„ეჭვის საფუძველია ბევრია, უბრალოდ შეგახსენებთ, რომ შარშან გაიცა ისევ ფოთის მიმართულებით ნებართვა, შემდეგ თითქოს ეს არ იცოდა მინისტრმა და გაათავისუფლეს ის ადამიანი, რომელმაც ხელი მოაწერა ამ ნებართვას. იგივე მინისტრმა ახლა სიხარულით მოაწერა ხელი იმავე ნებართვას. ცხადია, ეკონომიკის მინისტრი გადაწყვეტილებებს ვერ იღებს და იმას აკეთებს რასაც ეუბნებიან“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, „ეიპიემ ტერმინალსს“ ფოთის პორტის გაფართოებასთან დაკავშირებით, ერთხელ უკვე გაუქმებული ნებართვა აღუდგინეს. ამ ფაქტმა ანაკლიის კონსორციუმს ეჭვი გაუჩინა, რომ მთავრობის ინტერესი „ეი პი ემ ტერმინალსის“ მიმართ კერძოა და ის ეკონომიკის გაძლიერების სურვილს სცდება. 


close დახურვა