საზოგადოებისა და სპეციალისტების მაღალი ინტერესის მიუხედავად, საპატრიარქო ჯერ კიდევ უპასუხოდ ტოვებს კითხვას იმის შესახებ, ჩატარდება თუ არა აღდგომის ღამეს საზეიმო ლიტურგია და რა ფორმით. სინოდის პოზიცია უცვლელი რჩება ერთი კოვზით ზიარებასთან დაკავშირებით.
საპატრიარქოში დღეს ამტკიცებდნენ, რომ საკარანტინო ზომები და სინოდის რეკომენდაციები ურთიერთსაწინააღმდეგო არ არის. მიტროპოლიტთა ნაწილი საზოგადოებას სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობის დაძაბვაში ადანაშაულებს. მთავრობა კი დღეს ამ თემაზე ერთსულოვანი ჩანდა - მინისტრების უმეტესობა სააღდგომო ლიტურგიაზე წელს პირველად დასწრებას არ აპირებენ.
ქვეყნის უახლოეს ისტორიაში პირველად საქართველოს ხელისუფლება სააღდგომო ლიტურგიას არ დაესწრება. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა ვირუსის სწრაფი გავრცელების პარალელურად, რიტორიკა შეცვალეს და განცხადებები გაამკაცრეს, მინისტრები ამბობენ, რომ წირვას ტელე ეკრანებთან დააკვირდებიან და ტაძრების ნაცვლად საკუთარი სახლებში დარჩებიან. დღეს ვიცე-პრემიერმა ისიც თქვა, რომ აღდგომის ღამეს მრევლის შეკრება კომენდანტის საათის დარღვევა იქნება.
ტაძრებში წასვლას არც ინფექციონისტები აპირებენ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პიკს, აპრილის ბოლოს ელოდება. სწორედ იმ პერიოდში, როდესაც მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.
ვანისა ადა ბაღდათის მიტროპოლიტი არ გამორიცხავს, რომ სააღდგომო წირვა სტადიონზე ჩაატაროს. მისი თქმით, აღდგომის დღესასწაულზე წირვას ყველა იმ რეკომენდაციის დაცვით ჩაატარებს, რომელიც საპატრიარქოსგან აქვთ. ამასთან, მეუფე ანტონი საზოგადოებას სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობის დაძაბვაში ადანაშაულებს.
მტავრობის განცხადებებიდან რამდენიმე საათში საპატრიარქოში საგანგებო პრესკონფერენცია ჩაინიშნა, საპატრიარქო მრევლის გარეშე წირვის ჩატარებას გამორიცხავს, თუმცა ჩატარდება თუ არა აღდგომის ღამეს საზეიმო ლიტურგია და რა ფორმით საპატრიარქოში ეს ჯერ არ იციან. ერთადერთი რაც არ შეიცვლება ეს ერთი კოვზით ზიარების წესია.
მთავრობის განცხადებამდე პატრიარქის რეკომენდაციით შეიცვალა ღვითისმსახურების დრო, ეკლესიის თქმით, მრევლს საშუალება ექნება სახლში კომენდანტის საათის დადგომამდე წავიდეს. საპატრიარქოს კიდევ ერთი რეკომენდაცია დისტანციის დაცვაა, როგორც ტაძრის შიგნით ასევე ტაძრის გარეთ. თუმცა ეს წესებიც შესაძლოა ისევ შეიცვალოს, რადგან ეკლესია მთავრობასთან კონსულტაციების რეჟიმშია.