პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსის სიმპტომების არსებობის შემთხვეევაში მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ 112-ში, სადაც მათ ოჯახის ექიმები კვალიფიციურ კონსულტაციას გაუწევენ.
როგორც გახარიამ განმარტა, 112-ში დარეკვის შემდეგ ოპერატორი მოქალაქეს მის რეგიონში მყოფ ოჯახის ექიმთან ან სოფლის ექიმთან დააკავშირებს, ხოლო კონსულტაციის შემდეგ მას საჭიროების შემთხვევაში ცხელების ცენტრში გადაიყვანენ.
"მოგეხსენებათ, რომ ცოტა ხნის წინ აუცილებლობიდან გამომდინარე ჩაერთო ერთი ქოლცენტრი, 144, რომლის ძირითადი ამოცანაა, საგანგებო მდგომარეობის პირობების და საკანონმდებლო თავისუბურებების შესახებ პასუხი გასცეს მოქალაქეებს. ზარების რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ 112 ჯანდაცვის სამინისტროს ერთად და ოჯახის ექიმებთან ერთად მუშაობს. ეს არის კოვიდ-19-თან ბრძოლის პირველი ხაზი. ეს ნიშნავს იმას, რომ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, როგორც კი რაიმე სიმპტომი ექნება, მას შეუძლია აკრიფოს 112, და 112 დააკავშირებს მოქალაქეს, მის რეგიონიდან ოჯახის ან სოფლის ექიმთან. შემდეგ ჩეკ ლისტის შესაბამისად ტარდება კონსულტაცია თუ საჭირო ხდება მოქალაქის გადაყვანა, მაშინ ის გადაჰყავდათ ცხელების ცენტრში, სადაც მას უტარდება ტესტირება. ამით ვიცავთ ჩვენ მოქალაქეებს სიმპტომების გაჩენისთანავე, მეორე ვიცავთ სასწრაფო დახმარების ქსელს, რომლის რესურსი ახლა დასაცავია და რა თქმა უნდა სტაციონარებს. ეს ტელემედიცინა მოქალაქეს საშუალებას აძლევს მიიღოს მაღალპროფესიონალური კონსულტაცია. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ ის 9 სტაციონარი, რომელიც მოქმედებს, მიზნობრივად იყოს დატვირთული. მოგიწოდებთ, როცა გაქვთ ნებისმიერი სიმპტომი დარეკოთ 112-ში. სისტემა გაუძლებს იმ შემთხვევაში თუ თითოეული მოქალაქე პასუხისმგებლობით მიუდგება მის ყოველდღიურ ცხოვრებას. როდესაც პირველი სიმპტომები გვაქვს, საავადმყოფოში არ უნდა გავიქცეთ. უნდა ავიღოთ ყურმილი და დავრეკოთ 112-ზე. შემდეგ ექიმები მართავენ ამ ყველაფერს", - განაცხადა გახარიამ.
