
მაღაზია "სუფთა სახლის" ქსელის 150 ობიექტი დახურულია. მუშაობის შეჩერების შესახებ შეტყობინება კომპანიამ შემოსავლების სამსახურისგან გუშინ მიიღო.
დოკუმენტში განმარტებული იყო, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ქსელმა მუშაობის უფლება ვერ მიიღო. ჯერ კიდევ გუშინ "სუფთა სახლის" მაღაზიები საცალო ვაჭრობას ეწეოდნენ, ვინაიდან 212-ე დადგენილების გამოცემის დღიდან, ეკონომიკის სამინისტროსთან ზეპირი შეთანხმება და მუშაობის ნებართვა ჰქონდა. შესაბამისად, გადაწყვეტილებას ქსელის დახურვის თაობაზე მოუმზადებელი შეხვდა.
მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის გაუგებარია, რატომ დახურა მთავრობამ მაღაზიები, სადაც ჰიგიენისა და სადეზინფექციო საშუალებებს ყიდულობდნენ, ეს კი იმ პირობებში, როდესაც მთავარი რეკომენდაცია კორონავირუსით ინფიცირებისგან თავის დასაცავად სწორედ პირადი ჰიგიენის დაცვაა. მოქალაქეები ამბობენ, რომ „სუფთა სახლის“ ქსელში უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო და მსხვილ სუპერმარკეტებში ჰიგიენური საშუალებების შესაძენად წასვლა და რიგში დგომა, სადაც ინფიცირების რისკი უფრო დიდია, კიდევ უფრო მეტ დისკომფორტს შეუქმნით.
ეკონომიკის სამინისტრომ გადაწყვეტილება დღის ბოლოს განმარტა და "სუფთა სახლს" პროდუქციის ბითუმად რეალიზაციის ნება დართო. ნათია თურნავას უწყებამ ჰიგიენური საშუალებების სადისტრიბუციო კომპანიას საკუთარი პროდუქციის მსხვილ მარკეტებში შეტანა შესთავაზა.
ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილებები ბევრ კითხვას უჩენს ოპოზიციას. "ქართული ოცნების" ოპონენტები აგრარული ბაზრების დახურვასაც იხსენებენ და მსხვილი მარკეტების მფლობელების ინტერესებზე მიანიშნებენ. ოპოზიცია ხელისუფლებას მონოპოლისტური პოლიტიკის გატარებასა და საგანგებო მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს.
"სუფთა სახლის" მფლობელს ეკონომიკის სამინისტროს წინადადებაზე პასუხი ჯერ არ აქვთ. კომპანიაში იმედს იტოვებენ, რომ საკოორდინაციო საბჭო ნებას დართავს, რომ მუშაობა გააგრძელონ და პანდემიის დროს მომხმარებლები სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროდუქციით მოამარაგონ. ფაქტია, რომ ქსელის დახურვა მოსახლეობას არა მხოლოდ დისკომფორტს უქმნის, არამედ მათ ჯიბეზეც ისახება. თუ კომპანია საკუთარ პროდუქციას შეიტანს მსხვილ მარკეტებში, ეს ფასების ზრდას გამოიწვევს და ისედაც შემოსავლის გარეშე დარჩენილი ხალხის მდგომარეობას კიდევ უფრო გაართულებს.