თეოლოგი ბასილ კობახიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. როგორც კობახიძე წერს, ხვალ დიდი ხუთშაბათია, რაც იმას ნიშნავს, რომ ეკლესიებში უამრავი ხალხი შეიკრიბება. მას საფრანგეთის მაგალითი მოჰყავს და ამბობს, რომ არ უნდა საქართველოში იგივე განმეორდეს.
"მე ახლა ვარ საფრანგეთში. ერთი თვეა მკაცრი კარანტინია, სულ ოდნავი სიკეთე ეტყობა. უამრავი ხალხი დაიღუპა და იღუპება. აი ჩემგან, ტრასის იქით, არის მოხუცთა რეზიდენცია. კორონამდე მანდ ვმუშაობდი კარისკაცად, ყველას ვიცნობდი თითქმის და აღარ არიან ძალიან ბევრი. არ მინდა რომ ეს მოხდეს საქართველოში და რა ვქნა არ ვიცი. გახარიას კრიტიკა არ შეიძლებაო პატიოსანი ბიჭიაო, ამირან გამყრელიძის კრიტიკა არ შეიძლება უმაღლესი პროფესიონალი და ჩვენი ახლობელიაო, პატრიარქის არ შეიძლება, ჩვენი ღმერთიაო, მაშინ ჩემი დედაც ვატირე, ეს შეიძლება, მაგრამ საქმეს რითი წაადგება?",-წერს ბასილ კობახიძე.
მისივე თქმით, საზოგადოებამ აუცილებლად უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია.
"ხალხმა უნდა გამოხატოს დიდი და ძლიერი მღელვარება სოციალური ქსელებით და დარეკვებით, ეს მღელვარება უნდა მივიდეს მთავრობამდე და ეკლესიამდე, რომ იმათ ნახონ რომ ძალიან ბევრი ადამიანია აღშფოთებული",- აღნიშნავს ბასილ კობახიძე.
