logo
ENG



თუ პასუხისმგებლობაზე ვსაუბრობთ, მაშინ დაიხუროს მაღაზიები, იქნებ იქაც მოხდეს ინფიცირება - მამა შალვა კეკელია

16 აპრ 202012:15
3 წუთის საკითხავი
 

დღეს ქრისტიანული ეკლესიების ნაწილი დიდ ხუთშაბათს აღნიშნავს. პანდემიის მიუხედავად, ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიებში, დღესასწაულთან დაკავშირებით, რიტუალი ტრადიციულად ტარდება. სამების საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურებას პატრიარქი აღავლენს. 

მამა შალვა კეკელიასთვის გაუგებარია, თუ რატომ არის საუბრის საგანი ეკლესიებში მისვლის საკითხი, რადგან, როგორც კეკელია ამბობს, ტაძრებში მისული მრევლი სოციალურ დისტანციას იცავს. 

"ჩვენ ყველანაირ დისტანციას ვიცავთ, ანუ რასაც ჩვენ გვეუბნება ჯანდაცვის სამინისტრო. ჩვენი ექიმები ამბობენ, რომ თუ 2 მეტრის რადიუსს დავიცავთ შიდა სივრცეში და ეზოში იქნება 1 მეტრი, ვირუსი ესე არ გადავა. თუ პირბადეები ექნებათ ადამიანებს, დაცულები ვიქნებით და ამ სენისგან ადამიანი დაზღვეულია. როცა ჩვენ ვსაუბრობთ ვისზეა ეს პასუხისმგებლობა, მაშინ მარკეტები უნდა დაიკეტონ. ვინ აგებს პასუხისმგებლობას, რომ ადამიანები როცა მარკეტებში შედიან, საჭმელს იღებენ, იქნებ იქ დაინფიცირდებიან, მაშინ გამოდის, რომ სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას. დავხუროთ აფთიაქები, დავხუროთ მაღაზიები და დავტოვოთ ადამიანები საკვების გარეშე?! დღეს ადამიანებს სჭირდებათ პასუხისმგებლობით მოკიდება ამ საკითხთან. ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური დისტანციის დაცვა", - ამბობს მამა შალვა კეკელია. 

ბათუმის ეპარქიის წარმომადგენელი არ გამორიცხავს, რომ მათ მსგავსად სხვა ეპარქიებმაც მსახურება დილის 07:00 საათზე აღასრულონ და განმარტავს, რომ ეს საკითხი პატრიარქთან შეთანხმებით მოხდება. 

"ყველა სამრევლო ტაძარში დილის 07:00 საათზე დაიწყება მსახურება და მრევლს საშუალება ექნება მოვიდეს. კომენდანტის საათი უკვე დამთავრბეული იქნება. ექნებათ საშუალება რომ მოისმინონ ღვთის მსახურება, მიიღონ ზიარება და კარგია იმ მხრივ, რომ საზოგადოების გადანაწილება მოხდება. რადგან ეს პრეცედენტი მოხდა ბათუმის ეპარქიაში, არ არის გამორიცხული სხვა ეპარქიებმაც გააკეთონ. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი მოხდება პატრიარქთან შეთანხმებით და იმის გათვალისწინებით თუ არის შესაძლებელი ხალხის დატევა ტაძრებში", - ამბობს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერმა, დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. საბოლოო ჯამში საპატრიარქო და მთავრობა ლიტურგიის ჩატარებაზე შეთანხმდნენ. შესაბამისი განცხადებები გუშინ საპატრიარქოს პრესსამსახურმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ გააკეთა. კერძოდ, ჯაღმაიძის თქმით, ეკლესიის კარი არ დაიკეტება.

მოგვიანებით განცხადებები გააკეთა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ, რომელმაც არსებულ საფრთხეებზე ისაუბრა. იმნაძის თქმით, თუ მოსახლეობა წესებს არ დაიცავს ქვეყანაში განმეორდება ის რაც მოხდა იტალიაშიც. მან მოქალაქეებს მოუწოდა ეკლესიაში წასვლისგან თავი შეიკავონ.

რაც შეეხება საქართველოში შექმნილ ვითარებას, ბოლო მონაცემებით ინფიცირებულთა რიცხვი 336-მდე გაიზარდა, აქედან 74 უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 გარდაიცვალა.

ქვეყანაში 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათი მოქმედებს. კერძოდ კი, მოქალაქეებს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე გადაადგილება ეკრძალებათ, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია სხვადასხვა ობიექტი. გარდა ამისა ჩაკეტილია 4 დიდი ქალაქი, მათ შორის თბილისი და გამკაცრებული კარანტინი მოქმედებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში.

close დახურვა