უპასუხისმგებლო დამოკიდებულება საპატრიარქოს მხრიდან - ასე აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და თეოლოგები სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას.
ისინი ამბობენ, რომ ერთის მხრივ ხელისუფლებამ მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ შერჩევით დამოკიდებულებით ამ აღმსარებლობის უპირატესობა აღიარა, ხოლო მეორე მხრივ, პანდემიის ახალი კერა შექმნა.
„მოლაპარაკებების პროცესი საპატრიარქოსთან ვერ შედგა. იმ ლეგიტიმაციას, ასიმეტრიას შორის, რომელიც ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის არსებობს, ეს ისედაც იყო მოსალოდნელი. ის პირობები, რომელსაც საპატრიარქოც და სახელმწიფოც წარმოადგენს, როგორც კომპრომისს, ცხადია, რომ არაგონივრულია და ის კვლავ შეიცავს მაღალ რისკებს პანდემიის გავრცელების“, - განაცხადა EMC-ს თანასწორობის პოლიტიკის პროგრამების დირექტორმა თამთა მიქელაძემ.
თეოლოგი ლელა ჯეჯელავა საკითხთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ეკლესია, რომელიც ამაყობდა იმით, რომ აქვს 2000-წლიანი ისტორია საქართველოში ქრსიტეს ეკლესიას და ამოწმებს თავის რწმენას ვირუსზე. რამდენიმე ხნის წინ ბატონი პაატა იმნაძე გვეუბნებოდა, რომ ვიღაცა დევნის ეკლესიას, გუშინდელი მისი სრულიად აპოკალიფტური განცხადება უკან მიდევნებული ლამპარი იყო. ბატონო პაატა ეკლესიას არავინ არ დევნიდა, არავინ შეცილებია ძალაუფლებაში, უბრალოდ ეკლესია ცდილობდა კიდევ უფრო გაეფართოვებინა თავისი უფლებამოსილება და გაეზარდა თავისი ავტორიტეტი“, - განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.
შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. საბოლოო ჯამში საპატრიარქო და მთავრობა ლიტურგიის ჩატარებაზე შეთანხმდნენ. შესაბამისი განცხადებები გუშინ საპატრიარქოს პრესსამსახურმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ გააკეთა. კერძოდ, ჯაღმაიძის თქმით, ეკლესიის კარი არ დაიკეტება.
მოგვიანებით განცხადებები გააკეთა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ, რომელმაც არსებულ საფრთხეებზე ისაუბრა. იმნაძის თქმით, თუ მოსახლეობა წესებს არ დაიცავს ქვეყანაში განმეორდება ის რაც მოხდა იტალიაშიც. მან მოქალაქეებს მოუწოდა ეკლესიაში წასვლისგან თავი შეიკავონ.
რაც შეეხება საქართველოში შექმნილ ვითარებას, ბოლო მონაცემებით ინფიცირებულთა რიცხვი 336-მდე გაიზარდა, აქედან 74 უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 გარდაიცვალა.
ქვეყანაში 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათი მოქმედებს. კერძოდ კი, მოქალაქეებს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე გადაადგილება ეკრძალებათ, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია სხვადასხვა ობიექტი. გარდა ამისა ჩაკეტილია 4 დიდი ქალაქი, მათ შორის თბილისი და გამკაცრებული კარანტინი მოქმედებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში.