logo
ENG



თამაზ ლომიძე: ეკლესიისგან საუკეთესო ბრძანება მრევლის სახლში ლოცვა და უსაფრთხოდ დარჩენა იქნებოდა

17 აპრ 202018:56
3 წუთის საკითხავი
 
md361hn88lc1jv6.jpg

სასულიერო პირებს, რომლებიც მრევლს ეკლესიებში შეკრებისაკენ მოუწოდებენ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიუნხენის ეპარქიის დეკანოზი თამაზ ლომიძე „Facebook-ზე მიმართავს, სადაც წერს, რომ მღვდელმთავრები პატარა ბავშვების ტექსტებით ლაპარაკობენ.

დეკანოზის განცხადებით, კარგი იქნებოდა აღდგომის დღესასწაულზე ტაძრებში მხოლოდ სამღვდელოების წევრები შეკრებილიყვნენ და ღვთისმსახურება მრევლის გარეშე ჩატარებულიყო.

„ბავშვობისას რამეს რომ დავაშავებდით, შემდეგ სამართლიანად რომ მიგვითითებდა ან დაგვსჯიდა ხოლმე მშობელი და ჩვენ კი მოვყვებოდით ბუზღუნს და-ძმაზე: ისიც ხომ აშავებს, იმას რატომ არ სჯიო და რომ გვიპასუხებდნენ ხოლმე: ის თუ აშავებს, არ ნიშნავს, რომ შენც უნდა დააშავო, ის თავისას მიიღებს, შენ შენს საქციელს მიხედეო, ხომ გახსოვთ ეგ დიალოგი? აი, სამწუხაროდ მაგ ასაკში და აზროვნებაში გაჭედილი ზრდასრულები გვყავს ჩვენს ეკლესიაში, რომელთაც უკვე ადამიანების სიცოცხლე აბარიათ, პასუხისმგებლები არიან ქრისტეს სამწყსოზე და იგივე ბავშვური ტექსტებით ბუზღუნებენ.

მაშინ, როცა საავადმყოფოებში უჰაერობით იღუპებიან ადამიანები და ექიმები ლამის ტირილით გვთხოვენ არსად და არავითარ შემთხვევაში არ შევიკრიბოთ, გამოდიან მღვდელმთავრები და მღვდლები და პატარა ბავშვების ტექსტებით ლაპარაკობენ საჯაროდ: მარტო ჩვენ რატომ უნდა ”დავისაჯოთ”, სუპერმარკეტებს რატომ არ „სჯითო“. არ გრცხვენიათ, რაზე საუბრობთ საერთოდ ზრდასრული კაცები? რაში გეკითხებათ თქვენ, რას აკეთებს კარფური და გუდვილი? ყველამ რომ დაარღვიოს წესი, ეკლესიამ არასოდეს უნდა დაუშვას იმ კანონის დარღვევა, მოყვასის სიცოცხლეს რომ იცავს.

ყველაზე მეტად გულდასაწყვეტია ეს გამოუყენებელი და გაფუჭებული შესაძლებლობა, როცა აშკარად იცი რომ საუკეთესო და შენი ხალხისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი გადაწყვეტილების მიღების ბრწყინვალე შანსი უკვე მერამდენედ დაკარგა შენმა ეკლესიამ. მე მწამს, რომ დღეს ეკლესიისგან ერთადერთი და საუკეთესო ბრძანება თუ ლოცვა-კურთხევა იქნებოდა: დაკეტილ ტაძრებში სამღვდელოების მარტო, მრევლის გარეშე ღვთისმსახურება, ხოლო ეკლესიის მრევლისთვის სახლში ლოცვა და უსაფრთხოდ დარჩენა. სულერთია რა დღესასწაულია და ასევე სულერთია, ვინ რას აშავებს. ეკლესიამ არასოდეს უნდა დაარღვიოს ადამიანზე ზრუნვის ღვთაებრივი კანონი. ვწუხვარ ძალიან ღრმად და გულწრფელად. ღმერთმა დაიფაროს საქართველო“, - წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე.


close დახურვა