logo
ENG



საპატრიარქო ცდილობს ძალაუფლება გააძლიეროს - სპეციალისტები ეკლესიასა და მთავრობას შორის დაპირისპირებაზე საუბრობენ

19 აპრ 202018:27
3 წუთის საკითხავი
 

რელიგიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები პატრიარქის ეპისტოლეს ეხმაურებიან. 

მათი აზრით, ეპისტოლეში გაჟღერებული კონკრეტული მადლობები და მიმართვები არის საფუძველი იმისა, რომ ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის არსებობს დაპირისპირება. ისინი მიიჩნევენ, რომ ეკლესიამ გუშინდელი ლიტურგიით კიდევ ერთხელ მოახდინა ძალის დემონსტრირება. 

არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-ის იურისტი თამთა მიქელაძე ამბობს, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში საპატრიარქოს განცხადებებს, ასევე ეპისტოლეს სოციალური სოლიდარობა აკლია. 

"საპატრიარქოს ბოლო პერიოდის განცხადებები, პრინციპში, ღიად კონფლიქტის და დაპირისპირების გამოცხადებაა კონსტიტუციურ, სამართლებრივ წესრიგთან. ბუნებრივია, რომ ამის უკან დგას ინტერესი, საკუთარი ძალაუფლების გაძლიერების და შენარჩუნების. საკრალურზე მითითებით საპატრიარქო ცდილობს, რომ მისი აღმატებულობა დაადასტუროს. პატრიარქის ეპისტოლეში დომინირებდა აპოკალიფსის და მეორედ მოსვლის იდეები. მეორეს მხრივ, ის მთლიანად არის დაცლილი სოციალური სოლიდარობისა და პასუხისმგებლობის საკითხებისგან. მაგალითად, გუშინდელ ეპისტოლეში ერთი სიტყვაც კი არ იყო ნათქვამი იმ ათასობით გაჭირვებულ ოჯახზე, რომლებიც ყოველდღიური შემოსავლის გარეშე დარჩნენ. არაფერი იყო ნათქვამი იმაზე, რომ ეკლესიებმა და სასულიერო პირებმა მძიმე სოციალური და ჰუმანიტარული კრიზისის დროს შეიძლება შეასრულონ", - განაცხადა მიქელაძემ "ფორმულასთან" საუბარში. 

ეთნიკურ და რელიგიურ ურთიერთობათა ცენტრის ხელმძღვანელი ლელა ჯეჯელავა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ პატრიარქი მადლობას უხდიდა მრევლს, რომელიც ეკლესიაში მივიდა, მაშინ როდესაც ხელისუფლება მადლობას უხდიდა მოქალაქეებს, რომლებიც დარჩნენ სახლში, რაც დაპირისპირების დამადასტურებელია. 

"ეპისტოლეში შეიძლება ასეთი სიმძაფრით ეს დაპირისპირება არ ჩანდა, მაგრამ გზავნილები რომლითაც პატრიარქმა მიმართა მრევლს, ბუნებრივია, იყო ამგვარი, რომ მრევლს სჭირდება მუდმივი ზიარება, თუ არადა, მას, როგორც ქრისტიანს, დაემუქრება საფრთხე. თავის მხრივ, ეპიდემიოლოგები გვაფრთხილებენ, რომ თავი უნდა შევიკავოთ საღმრთო ლიტურგიაში მონაწილეობისგან. პატრიარქმა მადლობა გადაუხადა მრევლს, რომელიც მიუხედავად ყველაფრისა, მივიდა საღმრთო ლიტურგიაზე, ხოლო მთავრობა მადლობას უხდიდა მათ, ვინც არ მივიდა ლიტურგიაზე. ამით ყველაფერი ნათქვამია", - აღნიშნა ჯეჯელავამ

შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებელი სამყარო დღეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. გუშინ ქვეყნის მასშტაბით, ტაძრებში საააღდგომო ლიტურგია ჩატარდა. მოქალაქეები ტაძრებში კომენდანტის საათის დაწყებამდე მივიდნენ, ხოლო დაშლა დილის 06:00 საათის შემდეგ, კომენდანტის საათის დასრულების შემდეგ დაიწყეს. 

ამავე თემაზე

პატრიარქი: ზიარების უღირსად მიმღებნი სასჯელს განიკუთვნებენ, ხოლო გულწრფელად მონანულნი, აღივსებიან მადლით

ილია მეორე: მადლობა უფალს, საქართველოში მრევლთან ერთად ტაძრებში წირვა-ლოცვა არ შეჩერებულა


close დახურვა