საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტის ხელმძღვანელის, გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, 16 აპრილს სახელმწიფო კანცელარიის წინ, პოლიციამ დააჯარიმა, პირი რომელიც საგანგებო მდგომარეობას აპროტესტებდა. როგორც მშვენიერაძემ გადაცემაში განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტროში კარგად ესმით, რომ ერთი პირის მიერ პროტესტის გამოხატვა არ არღვევს საგანგებო მდგომარეობით დაწესებულ კანონს, თუმცა მისივე თქმით, ხელისუფლება განსხვავებული აზრის ჩახშობას ცდილობს.
„როდესაც ერთი მოქალაქე მივიდა სახელმწიფო კანცელარიის წინ, საგანგებო მდგომარეობისა და ამ რეჟიმის გასაპროტესტებლად, რომელშიც ცხოვრება გვიწევს, ამ ადამიანზე პოლიციელებმა გამოწერეს საჯარიმო ქვითარი. ანუ რას ამტკიცებს პოლიცია, რომ არსებობს ერთი ადამიანის შეკრება. ესეთი რამ ნონსენსია სრული და შინაგან საქმეთა სამინისტროშიც კარგად იციან, უბრალოდ დღეს სახელმწიფო გადავიდა კრიტიკული აზრის ჩახშობაზე, იმ ნორმებზე მითითებით, რომლითაც არ იზღუდება გამოხატვის თავისუფლება. კანცელარიის წინ იდგა საპროტესტო გამომხატველი ტექსტით და პოლიციამ გადაწყვიტა, რომ ეს არის შეკრება, ამის პარალელურად ყოველდღიურად ვხედავდით მსვლელობას, შეკრებებს, ამათზე რეაგირება პოლიციას არ აქვს, მაგრამ საკმარისია გააპროტესტო ხელისუფლების ქცევა, შენ უკვე სამართალდამრღვევი ხდები“,-განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.