იურისტი გიორგი მშვენიერაძე მხარს უჭერს ინიციატივას, ლაზარე გრიგორიადისის საქმე განიხილონ ნაფიცმა მსაჯულებმა და აცხადებს, რომ მისი არჩევის შესაძლებლობა ადამიანებს სისხლის სამართლის ნებისმიერ საქმეზე უნდა ჰქონდეთ.
"საქართველოში ნაფიც მსაჯულებს არცერთი იმ საქმის განხილვა შეუძლიათ, რომელსაც სახელმწიფო შესაძლოა იყენებდეს ადამიანთა უკანონო დევნის, შანტაჟის და პოლიტიკური პატიმრობის იარაღად. არადა, ნაფიც მსაჯულები პირველ რიგში სწორედ ასეთი "დანაშაულებისგან" ადამიანთა დასაცავადაა საჭირო.
მაგალითად, პრესის თავისუფლების ერთ-ერთი პირველი საქმე და სიმბოლო ამერიკაში (1733 წელს გუბერნატორი კოსბის შეურაცხყოფის ბრალდებით დააკავეს ნიუ იორკში გამომავალი ჟურნალის რედაქტორი ზინგერი) სწორედ ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილეს და ჟურნალისტი გაამართლეს. ამ საქმემ და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გადაწყვეტილებამ ბევრი რამ შეცვალა არამხოლოდ ზინგერისთვის, არამედ სამყაროსთვის.
ამიტომ, არამხოლოდ მხარს ვუჭერ ინიციატივას ლაზარე გრიგორიადისის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეზე ნაფიც მსაჯულებმა იმსჯელონ, არამედ ვთვლი, რომ ნაფიც მსაჯულების არჩვის შესაძლებლობა ადამიანებს უნდა ჰქონდეთ ნებისმიერ სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც თავისუფლების აღკვეთაა სასჯელად გათვალისწინებული.
ძვირი ჯდება, სად გვყავს ამდენი მსაჯული და მსაჯული იურისტი არაა არგუმენტები ვიცი, მესმის, მაგრამ იმით შემიძლია დაგამშვიდოთ, რომ ჩინჩალაძე იურისტია, საქმეების განხილვაც ეზარება და უფრო ძვირიც გვიჯდება"- აცხადებს მშვენიერაძე.
20 აპრილს დაკავებული აქტივისტის ლაზარე გრიგორიადისის ბაბუამ გია კალანდაძემ TV პირველის ეთერში განაცხადა, რომ აქვს სურვილი, ლაზარეს საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილოს.
21 აპრილს მარტის აქციების კიდევ ერთმა ბრალდებულმა თორნიკე აკოფაშვილმა და თავისუფლების ინსტიტუტმა წარადგინეს პეტიცია, რომლითაც ითხოვენ ბრალდებული აქტივისტის საქმეები ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილოს.
საქართველოს კანონმდებლობით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო მოქმედებს მძიმე კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეებისთვის, როგორიცაა განზრახ მკვლელობის, ტრეფიკინგის, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ორგანოებით ვაჭრობის ბრალდებები. პირის ბრალეულობას ან უდანაშაულობას, პროფესიონალი მოსამართლის ნაცვლად ნაფიცი მსაჯულები ადგენენ, რომლებიც საზოგადოების ჩვეულებრივი წევრები არიან.
31 მარტს სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს - შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 29 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ დააკავეს ერთი ადამიანი, ვინც მათი მტკიცებით, 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა. უწყება ამტკიცებს, რომ ამის შედეგად, პოლიციელებმა დაზიანებები მიიღეს.
შსს-ს განცხადებით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს და 7-9 მარტს მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს "მომხდარ ძალადობრივ ქმედებებზე" საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ სიძულვილის კამპანია დაიწყო. უკვე ორჯერ ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "ორიენტაციაარეული" უწოდა.