logo
ENG



ტონის შერბილება ავიამიმოსვლის აღდგენის სანაცვლოდ - ლავროვის ულტიმატუმი საქართველოს მთავრობას

21 აპრ 202021:04
3 წუთის საკითხავი
 

რუსეთის კიდევ ერთი ულტიმატუმი საქართველოს ხელისუფლებას - თუკი ქართველი პოლიტიკოსები ჩრდილოელ მეზობელთან აგრესიულ ტონს შეარბილებენ, მაშინ რუსეთი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობებისა და ფრენების აღდგენისთვის მზადაა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ამბობს, რომ ქართველი პოლიტიკოსების აგრესიული განცხადებები დიპლომატიურ, სავაჭრო ურთიერთობების მოწესრიგებას ხელს უშლის. ლავროვმა ახალი ინიციატივაც გაახმოვანა - რუსეთს სურს, რომ საქართველოში ეკონომიკური ცენტრი გახსნას.

საქართველოს ხელისუფლება ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებას მხარს უჭერს, თუმცა საგარეო საქმეთა მინისტრი სავაჭრო ეკონომიკური ცენტრისა და საელჩოს გახსნაზე საუბარს გამორიცხავს. დავით ზალკალიანი ამბობს, რომ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განხილვა ე.წ. კარასინი-აბაშიძის ფორმატში უნდა გაგრძელდეს.

რუსეთთან დიალოგს გამორიცხავს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ პანდემიის ფონზე რუსეთს საქართველოს დაზარალებული ეკონომიკური მდგომარეობით სარგებლობა სურს, რისი საშუალებაც ხელისუფლებამ არ უნდა მისცეს.

რუსეთს სავაჭრო-ეკონომიკური ცენტრის გახსნა საქართველოში ლეგიტამაციისთვის სჭირდება - ამბობენ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტები. მათი განცხადებით, რუსეთს ხელისუფლება მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობით უნდა ესაუბროს, როგორიც არის მაგალითად ე.წ. ჟენევის დისკუსიები.

რუსეთის მთავრობის გაღიზიანება საქართველოს პრეზიდენტის ბოლო განცხადებამ გამოიწვია. ზურაბიშვილმა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი პროვოკაციების გაგრძელებაში 17 აპრილს მას შემდეგ დაადანაშაულა, რაც ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირთან ე.წ. საზღვრის მონიშვნა დაიწყეს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოსთან ურთიერთობის ჩრდილოვან ხედვაზე „გორჩაკოვის სახელობის საჯარო დიპლომატიის ფონდის" მიერ ორგანიზებულ ვიდეოკონფერენციაზე ისაუბრა. მას კითხვა პრიმაკოვის სახელობის ფონდის დირექტორმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ დაუსვა. 


close დახურვა