„სახელმწიფო ვერ უწევს წინააღმდეგობას ვერავის, ვისაც გარკვეული ინტერესები და ძალაუფლება აქვს ამ ქვეყანაში“, - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და ეკლესიის პოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მან „სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში“ აღნიშნა, იმის მიუხედავად, რომ კონსტიტუციის მიხედვით, საგანგებო მდგომარეობა რელიგიურ შეკრებებზე არ ვრცელდება, მთავრობას საკითხის მოგვარება შეეძლო, თუმცა ეს ვერ გააკეთა.
მენაბდის თქმით, საგანგებო ზომების მიღმა ეკლესიასთან ერთად სათამაშო ბიზნესიც მოექცა, რომელიც ისედაც რთულ სოციალურ პირობებში მყოფი მოქალაქეების მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.
„სამწუხაროა, რომ ეკლესიამ არ მოინდომა იმ სამედიცინო რეკომენდაციებისთვის ანგარიშის გაწევა, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნისთვის. თუმცა ეკლესიას არ დაურღვევია საგანგებო მდგომარეობის წესები, იმიტომ რომ საგანგებო მდგომარეობა არ ვრცელდება ეკლესიაზე. ანუ სპეციალური საგანგებო მდგომარეობის პირობებში ვერ შეზღუდავ ეკლესიურ მსახურებას. თუმცა, სახელმწიფოს ჰქონდა სხვა გზა, რომ შეეზღუდა რელიგიური შეკრებები, თუ ის თვლიდა და როგორც ჩანს თვლიდა, რომ საჭირო იყო ამ ზომების მიღება. სახელმწიფომ ეს ვერ შეძლო, მაგრამ ეს არის საკითხის ერთი მხარე. თუ ჩვენ ვიტყვით მხოლოდ იმას, რომ ეკლესია აღმოჩნდა საგანგებო ზომების მიღმა, ეს იქნება სიმართლის ერთი ნაწილი, მეორე არის ის, რომ არა მხოლოდ ეკლესია, არამედ საგანგებო ზომების მიღმა დღემდე იმყოფება სულ ცოტა ორი მნიშვნელოვანი აქტორი. პირველი - ეს არის სათამაშო ბიზნესი, ონლაინ კაზინოები და სლოტები, რომელიც კვლავ მუშაობენ და მეორე - უძრავი ქონების სესხები, იპოთეკა, სადაც გრძელდება აუქციონები და არ არის შეზღუდული ეს მიმართულება. ანუ ჩვენ ვიმყოფებით საგანგებო მდგომარეობაში, ეკონომიკა არ მუშაობს, ადამიანები არ მუშაობენ, დანაზოგები ეწურებათ და სახელმწიფო ამ ყველაფრის მექანიზმს არ აჩერებს და აძლევს შესაძლებლობას, რომ უკანასკნელი რესურსები ამოიღოს ადამიანებიდან. სახელმწიფო ვერ უწევს წინააღმდეგობას ვერავის, ვისაც გარკვეული ინტერესები და ძალაუფლება აქვს ამ ქვეყანაში. ის ვერ უწევს წინააღმდეგობას რელიგიურ პირებს, ვერ უწევს წინააღმდეგობას ეკონომიკურ აქტორებს, რომლებსაც ჩვენი საზოგადოების ყველაფრის ხარჯზე აქვთ მოპოვებული გარკვეული ეკონომიკური ძალაუფლება“, - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.