logo
ENG



სასწრაფო დახმარების 900-მდე თანამშრომელს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა

23 აპრ 202018:04
3 წუთის საკითხავი
 

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სრულ მედპერსონალს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდება. გადაწყვეტილება ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში მიიღეს.

„იქიდან გამომდინარე, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალს უწევს უშუალო შეხება კოვიდ-19-თან, როგორც დადასტურებულ ასევე საეჭვო შემთხვევაში, ჯანდაცვის სამინისტროს მიიღო გადაწყვეტილება და დაამტკიცა პროტოკოლი, რომ იმ მაღალი რისკის ჯგუფებში, პერსონალი გაიტესტოს, აბსოლუტურად ყველა. შესაბამისად, პერიოდულობით მოხდება ჩვენი მედპერსონალის ტესტირება, რათა დაცული იყოს ჩვენი თანამშრომელთა და მოქალაქეების უსაფრთხოება“, - განაცხადა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თალაკვაძემ.

სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსის, ამირან გოგიტიძის ინფორმაციით, ტესტირება უკვე ჩაუტარდა სასწრაფო დახმარების 900-მდე თანამშრომელს, საიდანაც მხოლოდ 7 საეჭვო შემთხვევა იკვეთება. მათი ანალიზის პასუხები დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.

„მიმდინარეობს სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალის სწრაფი ტესტირებით შემოწმება კორონავირუსთან დაკავშირებით. დღეის მდგომარეობით გადამოწმებულია 900-მდე თანამშრომელია, შესაბამისად, გამოკვეთილია რამოდენიმე შემთხვევა, რომელიც არის საეჭვოდ იდენტიფიცირებული. ამ შემთხვევების გადამოწმება მოხდება ტესტით“, - განაცხადა ამირან გოგიტიძემ.

ცნობისთვის, ამ ეტაპზე, კოვიდ-19 სასწრაფო დახმარების 18 თანამშრომელს აქვს დადასტურებული, საიდანაც 16 ე.წ. ბოლნისის კლასტერს მიეკუთვნება.


close დახურვა