3 ათასი ლარი საგანგებო მდგომარეობის ან კარანტინის დარღვევის შემთხვევაში და 15 ათასი იურიდიული პირებისთვის - ეს სანქცია უკვე პარლამენტმა ახალი კანონით განსაზღვრა, რომელიც დღევანდელ რიგგარეშე სესიაზე მესამე მოსმენით მიიღო. დარღვევის განმეორების შემთხვევაში კი 6-წლამდე ვადით პატიმრობაა გათვალისწინებული. ეს ქმედება როგორც დანაშაული პირველად ჩაიწერა სისხლის სამართლის კოდექსში.
„ქართულ ოცნებას“ არც მოქალაქეების სოციალური მდგომარეობა, შემოსავალი და თანასწორობის პრინციპი გაუთვალისწინებია სანქციების დაწესებისას. სწორედ ამას მოითხოვდნენ ბიძინა ივანიშვილის გუნდისგან ოპონენტები. დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ ჯარიმების ოდენობა ზედმეტად დიდია და არ შეესაბამება ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ კრიზისს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ჯარიმები არა ეპიდსიტუაციის დაძლევას, არამედ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კონფორტის გახანგრძლივებას ემსახურება.
სესიას ოპოზიციის ნაწილი, კონკრეტულად კი - ევროპული საქართველოსა და ნაციონალური მოძრაობის წევრები - ბოიკოტის გამო არ დასწრებიან. განხილვისას დამოუკიდებელი დეპუტატები დაინტერესდნენ, რატომ არ შეიძლება ჯარიმის შემოსავლის მიხედვით განსაზღვრა. ან დაირღვევა თუ არა მოქალაქის კონსტიტუციური უფლება თუ მას საკარანტინე სივრცეში იძულებით გადაიყვანენ.
ოპოზიციის წევრები რომლებიც განხილვას არ დასწრებიან, ამბობენ, რომ სანქციები მოქალაქეებს არათანაბარ პირობებში აყენებს. დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ ჯარიმების ოდენობა ზედმეტად დიდია და არ შეესაბამება ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას.
„ქართულ ოცნებაში“ კი ამბობენ, რომ ჯარიმები პროპორციულია და მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის არის დაწესებული. მაქსიმალური ეფექტისთვის ჯარიმის ოდენობა დიდია. უმრავლესობაში უარყოფენ რომ უკვე გამოწერილ ჯარიმებს შესაძლოა ამნისტია შეეხოს.
ცვლილებები პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა. კანონის მიღებამდე სანქციები საგანგებო მდგომარეობის პირობებში მხოლოდ პრეზიდენტის დეკრეტით განისაზღვრებოდა, რომელსაც ვადა 22 მაისამდე აქვს.