"მთავრობის მიერ წარმოდგენილ გეგმას ეკონომიკის სტიმულირებასთან არანაირი კავშირი არ აქვს და მან მხოლოდ სოციალური პაკეტის სახე მიიღო", - ასეთია ეკონომიკური ექსპერტების შეფასება, რომელიც ანტიკრიზისულ გეგმას ეხება.
სპეციალისტები ამ გეგმაში მხოლოდ პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობასა და ამომრჩეველთა მოსყიდვას ხედავენ.
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი "ფორმულასთან" საუბარში ამბობს, რომ ხელისუფლება აღნიშნული გეგმით ცდილობს კოორდინატორები დააფინანსოს, რომლებსაც არჩევნებზე იყენებს.
"ხელისუფლება არაფერს გვეუბნება. გვეუბნებიან, რომ რაღაცაზე მუშაობენ. დაახლოებით 80 000 კოორდინატორი ჰყავს არჩევნებზე "ქართულ ოცნებას", რომელსაც წინასაარჩევნოდ აფინანსებს. დაახლოებით 200 ლარს უხდის თვეში. ეს 80 ათასი კაცი იმ 350 000 სიას, რომ დაემატა და ფაქტობრივად ბიუჯეტის ხარჯზე გადაუხდიან ფულს. ისეთი პროექტი დადეს, რომელშიც კორუფციული რისკები არის ძალიან მაღალი", - განაცხადა ხუხაშვილმა.
ანტიკრიზისულ გეგმას კიდევ ერთი ექსპერტი გიგა ბედინეიშვილი აკრიტიკებს. მისი აზრით, ხელისუფლება შექმნილ ვითარებას სათავისოდ იყენებს.
"აშკარაა, რომ ხელისუფლება ამ სიტუაციას საარჩევნო პრიზმაშიც უყურებს და ფიქრობს, რომ ეს კრიზისი მათ, სინამდვილეში, ეხმარება. მიაჩნიათ, რომ შეუძლიათ ადამიანები დაარწმუნონ, რომ წარმატებულად მივდივართ ამ რთულ სიტუაციაში. სინამდვილეში, ვიყენებთ უაზრო და დრაკონულ შეზღუდვებს", - ამბობს ბედინეიშვილი.
