კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა დღეს ნახტომისებურად, ერთბაშად 25 შემთხვევით გაიზარდა. ინფექციურ საავადმყოფოში ეს ფაქტი ჩატარებულ აგრესიულ კვლევებს დაუკავშირეს და იქვე იმედი გამოთქვეს, რომ ასეთი კვლევები მეტი აღარ იქნება და ეს შედეგებზეც იქონიებს გავლენას.
მარინა ეზუგბაიას ეს ორაზროვანი განცხადება, ოპოზიციის მწვავე კრიტიკის მიზეზი გახდა, გამოითქვა ვარაუდიც, რომ მასობრივ ტესტირებას ხელისუფლება ინფიცირების რეალური სურათის დასამალად და დადებითი სტატისტიკის შესანარჩუნებლად იყენებს.
საკუთარი გუნდის წევრის ამ ორაზროვან განცხადებას ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძეც გამოეხმაურა. ცერცვაძე დღეს აცხადებს, რომ მასობრივი ტესტირება ამ დრომდე სწრაფი ტესტების უქონლობის გამო არ ტარდებოდა. თუმცა გვაფრთხილებს, რომ მთელი ქვეყნის მოსახლეობის გამოკვლევა მომავალშიც ვერ მოხდება.
განცხადება, რომელზეც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს განმარტებების კეთება მოუწიათ, დღეს ინფექციურ საავადმყოფოში გაკეთდა. მარინა ეზუგბაიამ კოვიდინფიცირებულთა რაოდენობის ნახტომისებური ზრდა გუშინ მასობრივად ჩატარებულ ტესტირებას დაუკავშირა.
მარინა ეზუგბაიას განცხადებამ დღეს აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია სამედიცინო სპექტრში. მისგან განსხვავებული მოსაზრება აქვს ბოჭორიშვილის კლინიკას. მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა, რომ სასურველია მაქსიმალურად გამოვლინდნენ ე.წ. უსიმპტომო ინფიცირებულები. ამის ერთადერთი გზა კი მასობრივი ტესტირებაა.
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კი ფიქრობენ, რომ მასობრივი კვლევა საჭიროა, თუმცა არა მთელი ქვეყნის მასშტაბით. კლინიკაში მიაჩნიათ, რომ მასობრივი ტესტირებები მხოლოდ იმ წერტილებში უნდა ჩატარდეს, სადაც მაღალია ვირუსის გავრცელების რისკი.
დავა სწრაფი ტესტირების მასობრივად ჩატარების მნიშვნელობაზე კოვიდ 19-ის გავრცელებიდან მალევე გასცდა საექსპერტო სფეროს და პოლიტიკური განხილვის საგანი გახდა. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ეს აუცილებელი და დაუყოვნებლივი ნაბიჯია, რომელიც ქვეყანაში ინფიცირებულთა რეალურ მაჩვენებელს გამოავლენს და ქვეყანას ვირუსის აფეთქებისგან ყველაზე ეფექტიანად დაიცავს. ოპოზიციის აზრით, მარინა ეზუგბაიას განცხადებამ დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ხელისუფლებას ზუსტი ციფრების გასაჯაროება არ სურს.
საყოველთაო ტესტირება არარეალისტურად მიაჩნია ინფექციონისტ მაია ბუწაშვილს, თუმცა ის ამბობს, რომ უნდა გაიზარდოს მიზნობრივი ტესტირების ჯგუფები და უნდა იქნას შესწავლილი ყველა როგორც სიმპტომიანი პაციენტები, ასევე მათი კონტაქტები.
სწორედ ე.წ. აგრესიული კვლევის შედეგად გამოვლინდა დღეს 25 ახალი ინფიცირებული, რომელთა უმეტესობასაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებოდათ.