logo
ENG



Foreign Policy: ოცნება ძირს უთხრის NATO-ში გაწევრიანებაზე საკუთარ მცდელობას

09 აგვ 202218:02
3 წუთის საკითხავი
clock 782
Foreign Policy: ოცნება ძირს უთხრის NATO-ში გაწევრიანებაზე საკუთარ მცდელობას
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

საქართველოს მმართველი პარტია ძირს უთხრის NATO-ში გაწევრიანებაზე საკუთარ მცდელობას, შანტაჟში შეერთებული შტატების ელჩის დადანაშაულება კი მხოლოდ დასაწყისია , - ამ სათაურით გამოცემა Foreign Policy საქართველოზე სტატიას აქვეყნებს.

სტატიაში საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებია მიმოხილული, მათ შორის ოცნების ბრალდებები აშშ-ის ელჩის მიმართ, ნიკა გვარამიას პატიმრობა და მიკერძოებული სასამართლო სისტემა.

სტატიის ავტორი წერს, რომ საქართველოს მმართველი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებზე თავდასხმა არის უკანასკნელი ნიშანი იმისა, რომ ქვეყანა დასავლეთის მყარი მოკავშირეობიდან გადაიქცა ანტაგონისტურ პრორუსულ რეჟიმად, რაც ძირს უთხრის NATO-ში და ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობებს.

სტატიაში ასევე საუბარია ოცნების მიერ დემოკრატიის დაშლაზე და აღნიშნულია, რომ ეს ყველაფერი განსაკუთრებით სასამართლო სისტემაშია შესამჩნევი, რომლის დამოუკიდებლობაც განადგურებულია.

"ოცნების მიერ დემოკრატიის დაშლა განსაკუთრებით თვალსაჩინო სასამართლო სისტემაშია, რომლის დამოუკიდებლობაც მთლიანად არის განადგურებული. ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის 2021 წლის ანგარიშის მიხედვით, წინა 2 წელიწადში ოცნებამ "უვადოდ დანიშნა უზენაეს სასამართლოს ოცი მოსამართლე" ისეთი მეთოდების გამოყენებით, რომლებიც "კეთილსინდისიერებას, ობიექტურობასა და სანდოობას" არ შეიცავს", - ვკითხულობთ სტატიაში.

სტატიის ავტორი პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე საუბრისას მთავარი არხის დირექტორ ნიკა გვარამიაზე წერს და აღნიშნავს, რომ მაისში პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით ნიკა გვარამიასთვის პატიმრობის მისჯის შემდეგ ევროპარლამენტმა, რომელიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს განიხილავდა, შეიმუშავა რეზოლუცია, რომლითაც მოითხოვა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესება.

სტატიაში საუბარია ბიძინა ივანიშვილზეც და აღნიშნულია, რომ "ექსპერტები მილიარდერ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააარსა ქართული ოცნება და აგრძელებს მასზე დიდი გავლენის მოხდენას, საქართველოს რუსეთისკენ შებრუნებაში ადანაშაულებენ".

"მისმა [ბიძინა ივანიშვილი] ბოლოდროინდელმა პრორუსულმა, პუტინის სტილში, ანტიდემოკრატიულმა ქმედებებმა და მისმა მმართველობამ არაფორმალური პირების მიერ დაადასტურა, რომ ივანიშვილი არის საქართველოს არაფორმალური მმართველი და რუსეთის მოკავშირე", - ამბობს საქართველოს ყოფილი ელჩი შეერთებულ შტატებში ბათუ ქუთელია Foreign Policy-თან ინტერვიუში.

სტატიაში საუბარია ქართველი ხალხის მისწრაფებებზეც, გახდნენ ევროკავშირისა და NATO-ს წევრი და აღნიშნულია, რომ "ქართული ოცნების აშკარა პოზიციისგან განსხვავებით, ქართველების 80%-ზე მეტს კვლავ სურს ევროკავშირში, 70%-ზე მეტს კი NATO-ში გაწევრიანება".

სტატიაში ნახსენებია 20 ივნისს "შინ ევროპისკენ" გამართული აქციაც და აღნიშნულია, რომ "დაახლოებით 120 000 ქართველი გავიდა ქუჩებში 20 ივნისს ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერის დემონსტრირებისთვის და მათი მთავრობის კურსის შეცვლის მოთხოვნით".


close დახურვა