დღეიდან საქართველოში ყველა სახის ტრანსპორტით გადაადგილება აღდგა. შეზღუდვების შემსუბუქების პირველივე დღეს თბილისის ქუჩებში საცობები შეინიშნება. მუშაობა განახლდა ღია ტიპის აგრარულ ბაზრებშიც, თუმცა, არა ყველგან.
ე.წ. დეზერტირების ბაზრობასთან დღეს დილიდან ხმაური იყო. კონფლიქტი მოვაჭრეებსა და ბაზრის დირექციას შორის მოხდა. მოვაჭრეები ამბობენ, რომ პრემიერ-მინისტრის დაპირების მიუხედავად, დილით ბაზრობის კარები დაკეტილი დახვდათ და მათ მუშაობის საშუალება არ მიეცათ. მოვაჭრეებმა შესვლა მაინც მოახერხეს, თუმცა მოგვიანებით ადგილზე სამართალდამცველები მივიდნენ და მათ ტერიტორია დაატოვებინეს.
როგორც მოვაჭრეებმა აღნიშნეს, დირექციამ განუცხადათ, რომ ბაზრის 2-კვირიანი დაკეტვის მიუხედავად, ტერიტორიაზე ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დასაცავად საჭირო ღონისძიებების განხორციელება ვერ მოახერხეს და სწორედ ამის გამო არ აძლევდნენ მუშაობის საშუალებას.
მოვაჭრეები აცხადებენ, რომ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დაპირება არ შეასრულა. მათივე თქმით, ეს ძირითადი შემოსავლის წყაროა და იძულებულები არიან, მუშაობა გააგრძელონ.
„გასაგებია, რომ რეგულაციები სჭირდება ყველაფერს, მაგრამ ჩვენც ცოდოები ვართ, ამდენი ხანი გაგვაჩერეს. ვიცით, როგორ ვითარებაშიც ვართ მაგრამ რაღა კორონას მოვუკლივართ და რაღა შიმშილს. 7 სულს სახლში რა მივუტანო, რა გავაკეთო“, - აცხადებს ერთ-ერთი მოვაჭრე.
აღსანიშნავია, რომ დეზერტირების ბაზრის გარეთა ტერიტორიაზე გარევაჭრობა გრძელდება . ადგილზე არავინ აკონტროლებს, დაცულია თუ არა, სოციალური დისტანცია, უკეთიათ თუ არა ადამიანებს პირბადეები და ასე შემდეგ. ბაზრის შიდა ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.