მიუხედავად იმისა, რომ დღეიდან აგრარულ ბაზრებზე შეზღუდვა მოხსნილია, მათი ნაწილი კვლავ ვერ აგრძელებს მუშაობას.
როგორც ნავთლუღის ბაზრის ადმინისტრაციაში „ფორმულას“ განუცხადეს, მსგავს პირობებში ბაზარი მუშაობას ფიზიკურად ვერ შეძლებს.
„რეგულაციები დააკმაყოფილეთ და გაიხსენით, - ასეთი შინაარსი იყო პრემიერის სიტყვებში. ეს რეგულაციები სანამ არ გაუქმდება ან შემსუბუქდება, ბაზარი ვერ გაიხსნება, ეს არის შეუსრულებელი.
ეს რეგულაციები არის ის, რომ ბაზარი ვერ შეასრულებს. თერმოსკრინინგი ვერ ჩატარდება - დღეში მილიონი კაცი შემოდის, დისტანციის დაცვა გამორიცხულია, ეზო-ბარიერები გამორიცხულია, ხელსაბანების შესაბამისი რაოდენობა ვერ დაყენდება“, - აცხადებენ ადმინისტრაციაში.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო დაწესებული საგანგებო სიტუაციის შედეგად დაწესებული შეზღუდვების ნაწილობრივ შემსუბუქება დღეიდან დაიწყო. ერთ-ერთი შეზღუდვა სწორედ აგრარულ ბაზრებს შეეხო, მაგრამ მათ მკაცრი რეკომენდაციების დაცვაც დაევალათ.
