logo
ENG



თვითდასაქმებულთა დიდი ნაწილი კომპენსაციას ვერ მიიღებს - ოპოზიციაში კორუფციის საფრთხეზე საუბრობენ

28 აპრ 202020:42
3 წუთის საკითხავი
 

სამსახურის გარეშე დარჩენილი მოსახლეობის დიდი ნაწილი 300-ლარიან ერთჯერად დახმარებასაც ვერ მიიღებს. მთავრობა თვითდასაქმებულებს იმ დოკუმენტაციას სთხოვს, რომელითაც დასტურდება, რომ ეპიდემიამდე შემოსავალი ნამდვილად ერიცხებოდათ. არადა ათასობით მოქალაქე გასამრჯელოს ხელზე იღებდა, რადგან ისინი ფიზიკურ პირებთან სხვადასხვა სამუშაოს ასრულებდნენ - იყვნენ ძიძები, მძღოლები ან  რეპეტიტორები. ამ შერჩევითი დახმარების მიუხედავად, ფინანსთა მინისტრი ამტკიცებს, რომ მთავრობის მიდგომა რბილია და განსხვავებული აზრი სპეკულაციაა.

ოფიციალური მონაცემებით ქვეყანას 840 ათასი თვითდასაქმებული ჰყავს, აქედან ოფიციალური სტატუსი მხოლოდ 150 ათას ადამის გააჩნია. მათ შემთხვევაში საქმე მარტივად არის - მთავრობამ რეგისტრირებულების იდენტიფიცირება უკვე მოახდინა. რაც შეეხება დაქირავებულ მუშაკებს, რომლებმაც სამსახური ეპიდემიის გამო დაკარგეს, 200 ლარიან დახმარებას მაისიდან მიიღებენ. თუმცა მთავრობამ პირობები აქაც განსაზღვრა - მოქალაქე დახმარებას იმ შემთხვევაში მიიღებს თუ იანვრიდან მარტის ჩათვლით ხელფასი ერთხელ მაინც აქვს აღებული.

ფინანსთა სამინისტროს ერთსაათიანი პრეზენტაცია ისე დასრულდა, რომ ოპოზიციამ კითხვებზე პასუხი ვერ მიიღო; გაიგო მხოლოდ ის, რომ მთავრობა ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს დახმარების გარეშე ტოვებს. პოლიტიკური პარტიები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ შემწეობები არასწორი კრიტერიუმებით გაანაწილა, ბუნდოვანი სქემა კი, კორუფციის საფრთხეს ქმნის.

ოპოზიცია ეჭვობს, რომ მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმა ეპიდემიის ნაცვლად საარჩევნო კალენდარს მოარგო. ამ აზრს ამყარებს ფაქტი რომ ხელისუფლება პენსიების ზრდას 2021 წლიდან გეგმავს. საპენსიო პოლიტიკის შესახებ მთავრობა ინიციატივას პარლამენტში უახლოეს მომავალში წარადგენს. 


close დახურვა