"მედიის განვითარების ფონდი" რუსული პროპაგანდისტული მედიის Newsfront-ის დაბლოკვას მიესალმება. ამასთან, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მიუხედავად მსგავსი გვერდების დაბლოკვისა, არსებობენ ისეთი მედია საშუალებები, რომლებიც კრემლისტურ ნარატივს ქართულ ენაზე ავრცელებენ.
"მედიის განვითარების ფონდი" წლებია აკვირდება Newsfront-ის მუშაობის პრინციპს, მას შემდეგ, რაც რუსული პროპაგანდისტული მედია საქართველოში შემოვიდა. MDF-ის დირექტორი თამარ კინწურაშვილი ამბობს, რომ ეს მედია პოლარიზაციის გაღვივებას ცდილობს.
"ნიშანდობლივია, რომ ბევრი ჯგუფი რომელიც დაკავშირებულია Newsfront-თან ისევ მოქმედებს. ეს არის პირველ რიგში "საქართველო და მსოფლიო" და მისი დამფუძნებელი გახლავთ მოსკოვში მოღვაწე ალექსანდრე ჭაჭია, რომელიც პუტინმა სპეციალური ჯილდოთი დააჯილდოვა. რჩებიან სხვა მედიები, რომლებიც შეფუთული არიან როგორც ქართული მედიები და ქართულ ენაზე აწვდიან საზოგადოებას დეზინფორმაციას, რომლის მიზანია საზოგადოების აზრზე გავლენის მოხდენა. ცხადია ხელისუფლებას არ აქვს ეფექტიანი სტრატეგიული კომუნიკაცია. მისი ქმედებები პოტიომკინის ქმედებებს უფრო ჰგავს და ამასობაში ჩვენ დასავლელ პარტნიორებს არწმუნებს, რომ ქმედითია ამ თვალსაზრისით", - განაცხადა კინწურაშვილმა "ფორმულასთან" საუბარში.
შეგახსენებთ, რომ Facebook-ი რუსული პროპაგანდისტული გვერდების დაბლოკვას აგრძელებს, რომლებიც როგორც საქართველოში ასევე მრავლად ავრცელებს დეზინფორმაციას ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში.
ცნობილი გახდა, რომ Facebook-მა კრემლისტური მედია "ნიუსფრონტთან" დაკავშირებული გვერდები და ანგარიშები წაშალა ყველა ქვეყანაში, სადაც Newsfront-ი ოპერირებდა, მათ შორის საქართველოშიც. დღეს ამ მედიის ქართული გვერდი Facebook-ზე აღარ იძებნება, თუმცა კვლავ ხელმისაწვდომი არის საიტი, სადაც პრორუსულ ინფორმაციას ავრცელებენ.
