თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, 11 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 10 პაციენტის წყარო ბოლნისია, ხოლო ერთი პაციენტის წყარო ჯერჯერობით უცნობია და მიმდინარეობს კვლევა. რაც შეეხება კლინიკაში მყოფ პაციენტებს, როგორც ეზუგბაია აცხადებს, ამ ეტაპისთვის კლინიკაში 57 პაციენტიდან, 54-ს უდასტურდება კორონავირუსი. აქედან 8 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. მძიმე პაციენტებიდან კი, როგორც ეზუგბაია აცხადებს ერთ-ერთის მდგომარეობის დასტაბილურება ჯერჯერბით ვერ ხერხდება, რაც შეეხება დანარჩენ 7 პაციენტს, მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულია და ეზუგბაიას თქმით, ისინი მალე გადავლენ მძიმე პაციენტებიდან საშუალო სიმძიმის პაციენტებში.
„გუშინ დილის მონაცემებით გვყავდა 593 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა 11 და დღეს დილისთვის არის 604 დადასტურებული შემთხვევა. ამ 11 პაციენტიდან 10 არის ბოლნისის წყაროდან, ერთის წყაროს მოძიება გრძელდება. გამოჯანმრთელებული გვყავდა 223 პაციენტი, ახლა გვყავს 240 პაციენტი გამოჯანმრთელებული. ჩვენთან ამ ეტაპზე წევს 57 პაციენტი, აქედან 54 დადასტურებული, 3 არის შესაძლო შემთხვევა, რომელთა კვლევა დღეს დამთავრდება და გავარკვევთ გამოჯანმრთელებულები არიან თუ დადასტურებულები. ჩვენთან არ შემოსულა გუშინ არცერთი ახალი დადასტურებული შემთხვევა. კრიტიკული პაციენტის მდგომარეობას რაც შეეხება, შეიძლება ვთქვათ რომ კლინიკურად არის სტაბილიზაცია, მაგრამ მდგომარეობა გაუარესებულია, აქედან გამომდინარე ჯერ იმის თქმა რომ ამ პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდება ნაადრევია და ამას რამდენიმე დღის შემდეგ ვიტყვით. დანარჩენი 7 მძიმე პაციენტი მძიმე პნევმონიით, მათი მდგომარეობა სტაბილურია, მათი მდგომარეობა მალე გაუმჯობესდება და მძიმე ფორმებიდან გადავლენ საშუალო სიმძიმის ფორმებში. ნომერ მეხუთე პაციენტიც გამოჯანმრთელდა“,-განაცხადა მაია ეზუგბაიამ.
შეგახსენებთ, ამ მონაცემებით ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 604 შემთხვევა ფიქსირდება. დადასტურებული შემთხვევებიდან გამოჯანმრთელებულია 240 პაციენტი, გარდაცვლილია - 9.
კორონავირუსის პირველი შემთხვევა ქვეყანაში 26 თებერვალს დაფიქსირდა.