ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების მნიშვნელოვანი მატებაა.
როგორც ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს, კორონავირუსის შემთხვევების მატების პიკი შემოდგომისთვისაა მოსალოდნელი.
ამასთან, ცერცვაძე საზოგადოებას ტრანსპორტსა და ხალხმრავალი შეკრებების ადგილებში პირბადის ტარებისკენ მოუწოდებს.
"ბოლო პერიოდში საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, აღინიშნება COVID ახალი შემთხვევების მნიშვნელოვანი მატება. თუ ადრე დღეში საშუალოდ ფიქსირდებოდა 100-მდე ახალი შემთხვევა, ახლა უკვე ფიქსირდება 600-700 ახალი შემთხვევა. განსაკუთრებით ხშირია ახალი შემთხვევები იმ პირებში, რომლებმაც იმოგზაურეს უცხოეთში. წინ ზაფხულია, აქტიური ტურისტული სეზონი და COVID შემთხვევების მატების პიკს ველოდებით შემოდგომისთვის.
დღევანდელი კარგი COVID ეპიდსიტუაციის შენარჩუნება თუ გვინდა, უნდა ვიყოთ ფხიზლად, გავაგრძელოთ აქტიური ვაქცინაცია ბუსტერ დოზების ჩათვლით და მიუხედავად იმისა, რომ რეგულაციები აღარ გვავალდებულებს, ვიხმაროთ პირბადე საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სამედიცინო დაწესებულებებში და ხალხმრავალი შეკრების ადგილებში", - წერს ცერცვაძე.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 27 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით კორონავირუსის 2 570 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.