logo
ENG



ბაქრაძე - Freedom House-ის ანგარიში ოცნებისთვის მკაფიო სიგნალია, რომ პანდემიის მიუხედავად, პრობლემები არ გამქრალა

06 მაი 202014:41
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიციური პარტიები Freedom House-ის ანგარიშს ეხმაურებიან, სადაც საქართველო კრიტიკული ქვეყნების ნაწილში მოხვდა.

„ევროპული საქართველოს“ წევრი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ ანგარიში „ქართული ოცნებისთვის“ მკაფიო სიგნალი უნდა იყოს. მისი განმარტებით, პანდემიის მიუხედავად, საერთაშორისო საზოგადოება პროცესებს აკვირდება და თუ მმართველი პარტია ოპოზიციასთან დადებულ შეთანხმებას არ შეასრულებს, ამას მძიმე შედეგები მოჰყვება.

„ეს არის მკაფიო სიგნალი „ქართულ ოცნებას“, რომ მიუხედავად კორონავირუსის პადნემიისა, პრობლემები არსად გამქრალა. არსად გამქრალან ის ადამიანები, ვინც შეწუხებული არიან საქართველოში მიმდინარე პროცესებით, ამიტომ „ქართული ოცნების“ მხრიდან 8 მარტის შეთანხმების არ შესრულებას, პოლიტიკური პატიმრების არ გათავისუფლებას და საარჩევნო სისტემის არ შეცვლას, მოჰყვება ძალიან მძიმე და დღევანდელი ხელისუფლებისთვის დამანგრეველი შედეგები. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არის მართლაც სრულფასოვანი და ობიექტური შეფასება“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ანგარიშს ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ საქართველოს რეიტინგის გაუარესების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაა.

„გასაკვირი არ არის, რომ freedom house-ის ანგარიშში გაუარესებულია საქართველოს ინდიკატორი. ამის კონკრეტული მიზეზები არსებობს, რომელიც დასახელებულია ამ ანგარიშში. ერთი არის პოლიტიკური მიზნებისთვის მართლმსაჯულების სისტემის გამოყენება, რასაც ივანიშვილი გამუდმებით აკეთებს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ და მეორე ის, რომ ივანიშვილმა არ მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლითაც საქართველო გადავიდოდა სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს პარტია „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი. ის ამბობს, რომ ქვეყანა კანონისა კანონის საფუძველზე არ იმართება და ამას Freedom House-ის ანგარიშიც ადასტურებს.

„საქართველო არ იმართება კანონის საფუძველზე და ხელისუფლება, განსაკუთრებით სასამართლო ხელისუფლება ანგარიშის მიხედვით, მიტაცებული და დაქვემდებარებული აქვს პოლიტიკურ ინტერესს. ამიტომ არის, რომ პოლიტიკურად აქტიური ადამიანები, და ანგარიშში ხაზგასმით არის აღნიშნული „ლელოს“ დამფუძნებლების საქმე, ასევე სხვა პოლიტიკოსების საქმეები, ხელისუფლება იყენებს მართლმსაჯულებას პოლიტიკური ოპონენტების სადევნად, მათ გასანეიტრალებლად და არა სიმართლის დასადგენად და აღსასრულებლად“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, Freedom House-მა ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველო კრიტიკული ქვეყნების ნაწილშია მოხვედრილი. ანგარიშის მიხედვით, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ საქართველო კრიტიკულ ნაწილში მოხვდა, არის ის, რომ დემოკრატიული თვალსაზრისით გარკვეული მიმართულებები გაუარესებულია. კიდევ ერთი უარყოფითი საკითხი ოპოზიციის დევნაა.  


close დახურვა