მთავარი არხის დამფუძნებლის პატიმრობიდან 1 წლის თავზე, ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობამ აქცია დააანონსა. გედევან ფოფხაძის განცხადებით, ისინი 27 მაისს პრეზიდენტის სასახლესთან შეიკრიბებიან და კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ გვარამიას უკანონო პატიმრობას.
ფოფხაძემ ისაუბრა სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში დაგეგმილ ვიზიტზეც და თქვა, რომ პრეზიდენტი იქ უნდა წავიდეს არა ბიძინა ივანიშვილის გზავნილებით, არამედ ქართველი ხალხის გზავნილებით და პოლიტპატიმრების გარეშე.
"ჩვენ დღეს ვაანონსებთ ჩვენს მომავალ დიდ აქციას, კონსოლიდირებულ პროტესტს ხელისუფლების უკანონო პოლიტპატიმრების არსებობის წინააღმდეგ, ამას გავაკეთებთ 27 მაისს, 6 საათზე პრეზიდენტის სასახლესთან და ჩვენ ნამდვილად არ დავუშვებთ იმას, რომ პრეზიდენტი წავიდეს ევროპაში ბიძინა ივანიშვილის გზავნილებით. თუ ის ევროპარლამენტარებთან აპირებს გამოსვლას, ის უნდა წავიდეს ქართველი ხალხის გზავნილების და პოლიტპატიმრების გარეშე. საქართველოში აღარ უნდა იყოს პოლიტპატიმრები, ეს გასაღები აქვს პრეზიდენტს ჯიბეში და მან უნდა გამოიყენოს.
ჩემთვის ძნელი სათქმელია, ვინ უფრო დამნაშავეა, ეს სასამართლო, რომელმაც არ შექმნა პალატა, დაარღვია ვადები - 22 ივნისს ბოლო თარიღი აქვს, რომ გამოიტანოს გადაწყვეტილება და ზუსტად ვიცით, რომ ეს გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, თუ პრეზიდენტი, რომელსაც შეუძლია, ეს უკანონობა დაამთავროს და ამ გადაწყვეტილებას არ იღებს. ჩვენ გავაპროტესტებთ უკანონო პატიმრობასაც და იმასაც, რომ ამ უკანონო პატიმრობას ჰყავს ხელისშემწყობები", - განაცხადა მან.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია დამნაშავედ 2022 წლის 16 მაისს ცნო. მას 3 წლითა და 6 თვის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც.
ნიკა გვარამიას მიმართ 2022 წლის 16 მაისს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, დანაშაულის შემადგენლობის და სასჯელის ზომის განსაზღვრის თვალსაზრისით, მნიშვნელოვან დარღვევებს შეიცავს, რაც დეტალურადაა აღწერილი საქართველოს სახალხო დამცველის, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებული შეფასებებში.