logo
ENG


ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 08.05.2020

08 მაი 202011:13
3 წუთის საკითხავი
clock 1864
8ig1n2o6wgjbuij.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 8 მაისის მნიშვნელოვან მოვლენებს.

 

ევროპარლამენტარის კრიტიკული წერილი მთავრობას

ევროპარლამენტარები ხელისუფლებას ოპოზიციასთან მარტში მიღწეული შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებენ. ანდრიუს კუბილიუსი სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს და წერს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებისა და სასამართლო სისტემის უმაღლესი სტანდარტით ფუნქციონირების შესახებ შეთანხმება ყველა მხარის, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მიერ იყო მხარდაჭერილი. 

კუბილიუსის ცნობით, ევროპელ პარტნიორებს სჭირდებათ ნათელი დადასტურება, რომ მიღწეულია პროგრესი, იმისთვის რომ უზრუნველყოფილი იყოს პირობები 2020 წლის არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩასატარებლად. ევროპარლამენტარი წერილში ხაზს უსვამს გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას საქმეებს და აღნიშნავს, რომ მათი დაკავება მხარეების შორის მიღწეულ შეთანხმებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. 

 

მთავრობის ადმინისტრაციის თერმოსკრინინგი

პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ლიდერმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან პერფორმანსი გამართა. მედიკოსის ხალათითა და ვირუსისგან დამცავი საშუალებებით შემოსულმა ზურაბ ჯაფარიძემ, პარტიის ერთ-ერთ წევრთან ერთად, შენობაში შემსვლელებს დისტანციური თერმომეტრით თერმოსკრნინგი ჩაუტარა.


ჯაფარიძის განცხადებით, დილის 9 საათიდან ადმინისტრაციაში მხოლოდ 11 ადამიანი გამოცხადდა სამუშაოდ და არც ერთ მათგანს სიცხე არ დაუფიქსირდა. მისი თქმით, პერფორმანსის მიზანი მთავრობის დახმარებაა, ვინაიდან იმის ფონზე, რომ მთავრობამ ათასობით ადამიანს გაუზომა სიცხე, ადმინისტრაციაში მომუშავეების შემწომება ამ დრომდე არ ხდებოდა. „გირჩის“ ლიდერმა სხვა სამოქალაქო აქტივიტებსაც მოუწოდა ამ იდეას შეურთდნენ.

 

COVID-19 საქართველოში

623 ინფიცირებული, მათგან 288 გამოჯანმრთელებული და 9 გარდაცვლილი - ასეთია ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში 4 723 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 446.

via GIPHY

 

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 13-ით გაიზარდა.

 

შეზღუდვების მოხსნის III ეტაპი

შეზღუდვების შემსუბუქების მომდევნო, მესამე ეტაპი ორშაბათიდან დაიწყება. 11 მაისიდან გაიხსნება ჩაკეტილი თბილისი. ორშაბათიდან მოქალქეებს კომენდანტის საათამდე შეუზღუდავად შეეძლებათ დედაქალაქში შესვლა და გამოსვლა. ასევე, 11 მაისიდანვე, მთელ ქვეყანაში გაიხსნება ყველა სახის წარმოება და საცალო და საბითუმო მაღაზიები, რომლებსაც შესასვლელი ქუჩიდან აქვს. ამის მიუხედავად, კვლავ შეზღუდული იქნება ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიებით სარგებლობა. 

დღეიდან გამკაცრებული შეზღუდვები მოიხსნება ქობულეთის 4 სოფელშიც. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული შემთხვევები ბოლო რამდენიმე დღეა აღარ გამოვლენილა. ამავე კვირაში, 14 მაისს გაიხსნება რუსთავი და გარდაბანი, 18 მაისიდან კი მარნეული, რომელიც ამ დროისთვის საკარანტინე ზონად რჩება. 

რიგი შეზღუდვების მოხსნას სპეციალისტები გამართლებულად მიიჩნევენ და ხელისუფლებას კომენდანტის საათის გაუქმებისკენაც მოუწოდებენ. ჯანდაცვის ექსპერტების შეფასებით, მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაურესების შემთხვევაში, ხელისუფლება შეზღუდვების კვლავ ასამოქმედებლადაც მზად უნდა იყოს.  

 

ეკონომიკა ტურიზმის იმედად

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ტურიზმი იქნება ის პრიორიტეტული სექტორი, რომელიც ქვეყანას პანდემიის შემდეგ ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში დაეხმარება. მთავრობამ საქართველოში შიდა ტურიზმის აღდგენა 15 ივნისისთვის დააანონსა. რაც შეეხება უცხოელი ტურისტების მიღებას, ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ქვეყანა ამისთვის 1-ლი ივლისიდან იქნება მზად. 

ექსპერტთა ნაწილისთვის ეს გადაწყვეტილება ბუნდოვანია. გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ მაშინ როდესაც მსოფლიო კორონავირუსის მეორე ტალღის მოლოდინშია შეუძლებელია ქართული ეკონომიკა ტურიზმით აღდგეს. 

 

ეკლესიის დაფინანსება

სასულიერო პირები საპარტიარქოს დაფინანსების გაზრდას ითხოვენ. მიუხედავად იმისა, რომ ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის ანგარიშის მიხედვით, 17 წლის განმავლობაში ბიუჯეტიდან საპატრიარქომ თითქმის 300 მილიონი ლარი მიიღო, მათთვის გადაცემული უძრავი ქონება კი, ჯამში, 64 კვადრატულ კილომეტრ ფართობს მოიცავს,  სასულიერო პირები ამტკიცებენ, რომ ეკლესიას ვალები აქვს და ეს თანხა საკმარისი არ არის. 


შეგახსენებთ, 2013 წლიდან სახელმწიფო ბიუჯეტი საპატრიარქოს დაფინანსებისათვის სტაბილურად 25 მილიონს ითვალისწინებს. „ფორმულა ნიუსთან” საუბრისას  თეოლოგები ამბობენ, რომ საპატრიაქროს დაფინანსების წესი უნდა გადაიხედოს 

 

COVID-19 ოკუპირებულ ცხინვალში

ოკუპირებულ რეგიონში ამ დროისთვის COVID-19-ის 11 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. ცხინვალში კორონავირუსის გავრცელების წყარო რუსეთია, რის გამოც დე ფაქტო რესპუბლიკამ 10-დან 17 მაისამდე რუსეთთან ე.წ. საზღვარი სრულად ჩაკეტა. შეზღუდვები სატვირთო ავტომობილებსაც შეეხებათ. 

ცხინვალში მცხოვრები ჟურნალისტი ზარინა სანაკოევა "ფორმულა ნიუსთან" საუბრისას აცხადებს, რომ დაინფიცირებულთა შორის არიან ხანდაზმული და არასრულწლოვანი პირები. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ვირუსის დაფიქსირებიდან ორი დღის შემდეგ, ინფიცირებულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა, მოსახლეობა ქუჩაში შეზღუდვების გარეშე გადაადგილდება. მათ შორის იმართება აღლუმები ომის ვეტერანების მონაწილეობით. 


ზელენსკის გადაწყვეტილება სააკაშვილზე

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა. შესაბამის ბრძანებას ვლადიმერ ზელენსკიმ ხელი უკვე მოაწერა. უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ბრძანებაში წერია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პრეზიდენტის აპარატთან არსებული საკონსულტაციო ორგანოს წევრიც გახდება. 

უკრაინის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილს თანამდებობის დაკავება უკვე  მიულოცა.  „მე მჯერა, რომ ის შეძლებს მისცეს სტიმული რეფორმების ეროვნულ საბჭოს და დაეხმარება ქვეყანას მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებაში,“ - წერია უკრაინის პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

 

COVID-19 მსოფლიოში

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 3.9 მილიონს გადააჭარბა. პანდემიით გარდაცვლილთა რიცხვი უკვე 270 ათასს, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი მილიონ 340 ათასს აღემატება. ოფიციალური მონაცემებით, ინფიცირებული 49 ათასამდე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.

via GIPHY

 

ბოლო ერთი დღის განმავლობაში შეერთებულ შტატებში კორონავირუსს 2 129 ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო მონაცემებით, ამერიკაში მილიონ 300 ათასამდე ინფიცირების შემთხვევა ფიქსირდება. დაღუპულია თითქმის 77 ათასი ადამიანი. გუშინ კორონავირუსი დაუდასტურდა დონალდ ტრამპის თანაშემწეს, რის შემდეგაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ტესტირებას ყოველდღიურად გაივლის.

დაღუპულთა რაოდენობა იზრდება ევროპის ქვეყნებში, თუმცა კლებულობს ინფიცირების ახალი შემთხვევები. იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსს 274 ადამიანი ემსხვერპლა. 178-ით გაიზარდა დაღუპულთა რაოდენობა საფრანგეთში. ე.წ. ლოქდაუნის ეტაპობრივი გაუქმების გეგმას ხვალ წარადგენენ გაერთიანებულ სამეფოში, სადაც გასული დღის განმავლობაში ვირუსს ქვეყანაში 539 ადამიანი ემსხვერპლა, დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი 30 615-მდე გაიზარდა.

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა რუსეთმა. ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19 აქ  რეკორდულად დიდ რაოდენობას, 11 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 177-თ ათასს გადააჭარბა. კორონავირუსს რუსეთში საერთო ჯამში  1625 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის  88 პაციენტი გასულ დღე-ღამეში გარდაიცვალა

 

75 წელი მეორე მსოფლიო ომიდან

მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან  75 წლისთავზე შეერთებული  შტატები და  ევროპის 9 ქვეყანა ერთობლივი განცხადებას ავრცელებენ. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში საუბარია მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ საბჭოთა კავშირის მიერ ბალტიისპირეთის ქვეყნების უკანონო ოკუპაციის, რეპრესიებისა და იდეოლოგიურ კონტროლის ასევე რიგ ქვეყნებში კომუნისტური რეჟიმების მმართველობის ქვეშ  გატარებული ათწლეულების შესახებ.

„ჩვენ პატივს მივაგებთ ყველა დაღუპულის და იმ ჯარისკაცების ხსოვნას, ვინც ნაცისტური გერმანიის დასამარცხებლად და ჰოლოკოსტის დასრულებისთვის იბრძოდა. მაგრამ, 1945 წლის მაისში მეორე მსოფლიო ომის დასრულებას არ მოუტანია თავისუფლება  მთელი ევროპისთვის. მრავალი ათწლეულის განმავლობაში, არაერთმა ევროპელმა ცენტრალური და აღმოსავლეთ ნაწილებიდან სიცოცხლე შესწირა თავისუფლებისაკენ სწრაფვას,” - წერია განცხადებაში.


„ყვავილების" სუპერმთვარე

 

გასულ ღამეს დედამიწის მოსახლეობას, 2020 წლის ბოლო სუპერმთვარეზე დაკვირვების შესაძლებლობა ჰქონდა. დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრი  ჩვეულებრივზე გაცილებით დიდი და ნათელი ჩანდა. მსგავსი ბინებრივი მოვლენა მაშინ იჩენს თავს, როდესაც სავსე  მთვარე დედამიწას ყველაზე ახლოს მანძილზე უახლოვდება. ამ დროს ის 14 პროცენტით უფრო დიდი და 30%-ით უფრო კაშკაშა ჩანს.   წლის ბოლო სუპერმთვარეს სპეციალისტები "ყვავილების მთვარესაც" უწოდებენ, რადგან ის გაზაფხულზე, ყვავილობის პერიოდში ჩნდება. 



close დახურვა