„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი წევრი, დავით უსუფაშვილი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, უკრაინაში საქართველოს ელჩის გამოწვევის საკითხს უარყოფითად აფასებს. აღნიშნულზე უსუფაშვილმა გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ ისაუბრა. როგორც უსუფაშვილმა განაცხადა, „ქართულ ოცნებას“ მიხეილ სააკაშვილის ეშინია და სწორედ ამ მიდგომის გამო მზად არიან ქართულ-უკრაინული ურთიერთობები გაწირონ.
„სააკაშვილის დღესაც ეშინიათ და აკანკალებთ, ამ კომპლექსს ვერ დააღწიეს თავი და ახლა ქართულ-უკრაინული ურთიერთობის გაწირვაზეც არიან მზად, იმისთვის რომ მათთვის არასასურველი რაღაც არ დაინახონ. ამ უბედურებაში ვართ, რომელიც უნდა დამთავრდეს.“,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა. შესაბამისი გადაწყვეტილება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიიღო.
დღეს კი ცნობილი გახდა, რომ რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, თეიმურაზ შარაშენიძეს, თბილისში კონსულტაციებზე გამოიძახებენ.
საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და ის შეცდომად შეაფასა.