logo
ENG



თალაკვაძე ელჩებს: ვთხოვთ, დაადასტურონ, რომ შეთანხმებით არ აგვიღია პატიმრების გათავისუფლების ვალდებულება

11 მაი 202011:25
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ 8 მარტს მიღწეული შეთანხმება მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის საფრთხის ქვეშაა.

თალაკვაძემ განაცხადა, რომ მმართველ გუნდს გიგი უგულავას, გიორგი რურუასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლების ვალდებულება მოლაპარაკებების დროს არ აუღიათ.

„რადიკალური ოპოზიცია სარგებლობს, რომ დიპლომატიური წესები ელჩებისგან დახურული შეხვედრების შინაარსის გასაჯაროებისგან მაქსიმალურ თავშეკავებას მოითხოვს. ამ უსაფუძვლო სპეკულაციებისგან დაიღალა საზოგადოება და დაიღალნენ ჩვენი უცხოელი მეგობრები. ფასილიფიტატორმა ელჩებმა მოლაპარაკების წარმატებით დასრულებაში, ფასდაუდებელი როლი შეასრულეს. ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მადლიერებას მათი მხარდაჭერის გამო, რამაც საქართველოში პირველად გახადა შესაძლებელი არჩევნების იმგვარი სისტემით ჩატარება, რომელიც პოლიტიკური პარტიების სრულ კონსესუსს ეფუძნება. შემაშფოთებელია, რომ ელჩების ძალისხმევით მიღებული ეს შედეგი რადიკალური ოპოზიციის უპასუხისმგებლობის გამო საფრთხის ქვეშ შეიძლება დადგეს. შესაბამისად, ყოველგვარი სპეკულაციების დასასრულებლად და შეთანხმების შესრულების უზრუნველსაყოფად, ვთხოვთ მოლაპარაკების ფასილიტატორ ელჩებს, ნათელი მოფინონ შეთანხმების შინაარსს.

"კერძოდ, ვთხოვთ მათ, საჯაროდ დაადასტურონ, რომ ხელმოწერილი შეთანხმებით ჩვენ არ აგვიღია პრეზიდენტისთვის, სასამართლოსა და პროკურატურისთვის უკანონო დავალებების მიცემის და უგულავას, ოქრუაშვილისა და რურუას გათავისუფლების ვალდებულება. ასევე, ვთხოვთ მათ, ობიექტურად შეაფასონ თითოეული ხელმომწერის როლი საარჩევნო სისტემის შესახებ შეთანხმების აღსრულების პროცესში“, - განაცხადა თალაკვაძემ.

საარჩევნო შეთანხმება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის: საპარლამენტო არჩევნების გამართვა 2020 წლის ოქტომბერში იგეგმება. იქამდე კი პარლამენტში კონსტიტუციაში შესატან ცვლილებეზე უნდა იმსჯელონ - კერძოდ, არჩევნები მანდატების 120/30 გადანაწილებით ჩატარდება, ხოლო ბარიერი 1%-იანი იქნება. ამის შესახებ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით, 8 მარტს მოხდა. 

ოპოზიციის განცხადებით, შეთანხმება პოლიტპატიმრებზეც მოხდა და უნდა მოხდეს მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში შეთანხმება არ შედგება.

მმართველი გუნდის წევრები კი ოპოზიციას დესტრუქციულობაში ადანაშაულებს და აცხადებენ, რომ მსგავსი შეთანხმება არ ყოფილა.



close დახურვა