ჯანდაცვის საკითხებზე მომუშავე სპეციალისტები ამბობენ, რომ ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომლების მოთხოვნა შენობასთან დაკავშირებით სამართლიანია, რადგან მათ ამ პროფილის საავადმყოფოსთვის სრულიად შეუფერებელ პირობებში უწევთ მუშაობა. მათი თქმით, მიუღებელია ისიც, რომ ინფექციური საავადმყოფო ქალაქის ცენტრში, დასახლებულ პუნქტებთან ახლოს იყოს.
„ინფექციური დაავადებების ცენტრი, ეს არის განსაკუთრებული შენობა და თავისი ძალიან ბევრი ტექნიკური მოთხოვნები აქვს, იგივე ბოქსებთან დაკავშირებით, რომელიც უნდა იყოს პირველ სართულზე, უნდა იყოს თავისი ტექნიკური მონაცემები შესრულებული. 1953 წელს არის აშენებული. იქ შეუძლებელია მუშაობა მით უმეტეს, თუ გვინდა, რომ თანამედროვე სტანდარტებზე ვისაუბროთ და მკურნალობა ეფექტიანი იყოს. 10 წელიწადი პრაქტიკულად არაფერი არ ხდება. წინა ხელისუფლებას რაღაც გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული, პროექტი იყო და ამ პროექტის განხორციელება გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოხდა, მაგრამ ეს ხელისუფლება საერთოდ არაფერს აკეთებს და არც პასუხები არ აქვთ. პოლიტიკური ნება არ არსებობს“, - განაცხადა ვატო სურგულაძემ.
საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა კიდევ ერთმა ექსპერტმა, სერგო ჩიხლაძემ. როგორც მან აღნიშნა, დღეის მდგომარეობით, არ რჩება შთაბეჭდილება, რომ სამინისტრო ამ პრობლემას სწრაფად და ოპერატიულად მოაგვარებს.
„ბევრი წელია უკვე ვაკვირდებით ამ მდგომარეობას. არაფერი შეცვლილა. ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობდა მოლაპარაკებები როგორც ვიცი ვთქვათ ჯერ კიდევ წინა მინისტრის, დავით სერგეენკოს პირობებში. თითქოს რამდენჯერმე მივიდა გადაწყვეტასთან საკითხი, მაგრამ საბოლოო ჯამში, სამინისტრომ მაინც არ შეასრულა ის პირობა. „ავერსი“ არის მფლობელი ამ მიწის ნაკვეთის, კლინიკების და შიდსის ცენტრი არის დროებით შესახლებული, სახელმწიფო იხდის იჯარას. სამწუხაროდ, ისე მიდის პროცესები და როდესაც ვაკვირდები რამდენად ეფექტურად მოქმედებს ზოგადად ჯანდაცვის სამინისტრო, ახალი მინისტრი, არ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს საკითხი სწრაფად და ოპერატიულად მოგვარდება“, - განაცხადა ჩიხლაძემ.
შეგახსენებთ, თბილისის ინფექციურმა საავადმყოფომ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ 2009 წლიდან დღემდე ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი შპს "ავერსი-ფარმას" ტერიტორიაზე მუშაობს და მათთვის შენობის გამოყოფასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დღემდე არ არის მიღებული.