„ისინი ეფარებიან კორონავირუსს და უნდათ, რომ დაუბრუნდნენ თავის ბუნებით სახეს, რაც არის ტყუილი, მანიპულაცია, თაღლითობა და ამ გზით, რამენაირად ხელისუფლების შენარჩუნება“, - ასე გამოეხმაურა „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „ქართული ოცნების“ ლიდერებს, რომლებმაც განაცხადეს, რომ 8 მარტის შეთანხმებაში დაპატიმრებული პოლიტიკოსების გათავისუფლებაზე საუბარი არ ყოფილა.
ვაშაძემ მმართველ გუნდს შეთანხმების შესრულებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მძიმე ვითარებაში აღმოჩნდებიან.
„დღეს ისინი ისევ ცდილობენ, რომ შეთანხმება, რომელიც შედგა 8 მარტს, დიპლომატიური კორპუსის თანდასწრებით, ამ შეთანხმებაზე თქვან, რომ თითქოს რაღაც სხვაგვარად არის. მე ძალიან კარგად მახსოვს ამ ადამიანების შეშინებული და დამფრთხალი სახეები ამ მოლაპარაკებებზე. მოვუწოდებ მათ, დამერწმუნეთ, გაცილებით უფრო მძიმე ვითარებაში აღმოჩნდებით, თუ გააგრძელებთ ამ მავნებლობას, რაც აქ არის. შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან, ესენია პატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო სისტემის ცვლილება. მოგიწევთ ამ ყველაფრის შესრულება, არ გეგონოთ, რომ კორონავირუსის გამო ვინმე გაპატიებთ რაიმეს, არ გეგონოთ, რომ თქვენ შეძლებთ პროცესების თავიდან ბოლომდე მართვას. ასე ყეყეჩობდით ნოემბერში და დეკემბერში, რომ არაფერი შეიცვლებოდა, მაგრამ გაიძულეთ და მოგიწიათ კონკრეტულ ნაბიჯებზე წასვლა, იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის გეგმით და სტრატეგიით ვმოქმედებთ. დიახ, ოპოზიციის გაგვაჩნია გეგმა, როგორ უნდა შევეწინააღმდეგოთ ამ მავნებლურ პოზიციას ქართული ოცნების, რომელიც საერთოდ აცდენილია სახელმწიფო ინტერესებს, თითოეული მოქალაქის ინტერესებს და ერთადერთ რამეზეა ორიენტირებული - შეინარჩუნონ ძალაუფლება ქვეყანაში. მეგობრებო, ყინულივით დადნება თქვენი მხარდაჭერა ისიც კი, რაც დღეს გაქვთ საზოგადოებაში. ამიტომ მოგიწოდებთ, მოეგეთ გონს და დროულად შეასრულეთ შეთანხმების ორივე კომპონენტი. შეეშვით თაღლითობას, რაღაც საზღვარი ხომ არსებობს? რამდენი ხანი შეიძლება თეთრზე შავიაო ამტკიცოთ. ირცხვენთ თავს ყოველდღიურად. არავინ მოგცემთ ამ შეთანხმებიდან თავის დაძვრენის შესაძლებლობას. კორონავირუსს რომ უკან ეფარებით, ეს კიდევ უფრო დიდი სიბინძურე და მავნებლობაა. არ გრცხვენიათ? ვირთხებივით რომ იყავით დამალულები და ყველაფერზე მზად იყავით, ოღონდ შეთანხმება შემდგარიყო, იმიტომ რომ გეშინოდათ პერსონალური სანქციების, უარესი მოგივათ. როგორც ჩანს თქვენ გაკვეთილს ვერასდროს ვერ სწავლობთ. თქვენი ერთადერთი გაკვეთილი არის ის, რომ მართლა ბოლომდე უნდა დაგაჩოქოთ მუხლებზე. თქვენ დამნაშავეები ხართ საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ღალატში და ქართველი ხალხის გაღარიბებაში. ამისთვის პასუხს აგებთ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
